ვის ეკუთვნის ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე კომპანიები

„კავკასიის ავტოიმპორტი“, „ბეთლაივი“, „ავიატორი“, „სოკარ ჯორჯია გაზი“, „ენერგო-პრო ჯორჯია“, ეს იმ კომპანიების ნაწილია, რომელთაც 2021 წლის I კვარტალში ყველაზე დიდი ბრუნვა ჰქონდათ.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას, ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე ტოპ-10 კომპანიის შესახებ:

შპს კავკასიის ავტოიმპორტი - სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანია 2010 წლის 28 იანვარს დაფუძნდა. რაც შეეხება მის მეწილეებს: 34.875% გიორგი სურგულაძეს, 27.9% - ლევან სურგულაძეს, 27.225%- გიორგი გულაშვილს, ხოლო 10% დავით გულაშვილს ეკუთვნის. ბოლო ამონაწერის მიხედვით, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე ჩადუნელი, ხოლო დირექტორი ალექსანდრე ვეკუაა.

შპს ფულ ჰაუსი - კომპანია 2016 წლის 30 მარტს დარეგისტრირდა. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, შპს ფულ ჰაუსის 35% თემურ მიქელაძეს, 16.67% - ნორბერტ ფრანც ტეუფელბერგერს, 16.67% - გიგი ლევაი-ვეისს, 16.66% - მანფრედ ბოდნერს, 5% - კლაუს გემალ რასმუსსენს, 2.5% -გურამ დოლიძეს, 2.5% -ზურაბ ერქომაიშვილს, 2.5% - ბაკურ ხარჩილავას, ხოლო 2.5% - გიორგი ბარნაბიშვილს ეკუთვნის. შპს ფულ ჰაუსის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა თემურ მიქელაძე.

შპს ბეთლაივი - 2013 წლის 25 მარტს დაფუძნდა. კომპანიის 40% - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება აიტი ვენჩარს, 38%-იანი წილი სულიკო ვარსემაშვილს, 19% - დავით ველიჯანაშვილს, ხოლო 3% - თამაზ ხარაიძეს ეკუთვნის. დირექტორია თეიმურაზ კოპალეიშვილი.

შპს ავიატორ - სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, 2014 წლის 22 დეკემბერს დარეგისტრირდა, რომლის 100%-იანი წილი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ატლასს ეკუთვნის. თავის მხრივ, ეს უკანასკნელი 2018 წლის 13 დეკემბერს დაფუძნდა, რომლის 49% შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სითი ლოფტს“, ხოლო 51%- შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ატლას ჰოლდინგს“ ეკუთვნის. „სითი ლოფტსის“ მფლობელია თეიმურაზ უგულავა, ხოლო „ატლას ჰოლდინგსი“ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება TSE Holdings Limitedის მფლობელობაშია, რომელიც ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოშია რეგისტრირებული. შპს ავიატორის დირექტორი არჩილ კახიძეა.

შპს სოკარ ჯორჯია გაზი - 2010 წლის თებერვალში დარეგისტრირდა. კომპანია სრულად ეკუთვნის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“, რომლის 75, 505 აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანიას, 16.33% - EVENTUS GENERAL TRADING-ს (არაბთა გაერთიანებული საემიროები), ხოლო 8.165% - Intersun Holding FZCO-ს (არაბთა გაერთიანებული საემიროები) ეკუთვნის. დირექტორი აზერ მამმადოვია.

შპს ლიდერ-ბეთ სლოტი - 2016 წლის 26 თებერვალს დარეგისტრირდა. კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი აკაკი შუბითიძეა.

შპს მარსი - 2015 წლის 5 მაისს დაფუძნდა. კომპანიის 51% ბვინ ჰოლდინგს (მალტა) ლიმითედს, 24% - ლევან ახვლედიანს, 10% - კნიაზ დასენს (საქართველოსა და რუსეთის მოქალაქე), 5% - გიორგი ჩხეიძეს, 5% - კობა გიგლემიანს, ხოლო 5% - ვანო გიგლემიანს ეკუთვნის. კომპანიას ჰყავს 5 დირექტორი, ესენი არიან: გიორგი ჩხეიძე, ლევანი ახვლედიანი, ობდულიო ბაკარეზე, რობერტ გრანტ ჰოსკინი და სტეფან იულიუს ჰეილმანი აიან.

სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია - 100%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა.

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ (შემდგომში - „კომპანია“) - კომპანიის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით (წყარო - reportal.ge), 2006 წლის 31 ივლისს საქართველოში დარეგისტრირებული და მოქმედი კომპანიაა. მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა სააქციო საზოგადოება და დაფუძნებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2019 წლის და 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის მშობელი კომპანია, 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით, იყო „ჩეხური ენერგო-პრო ეი.ეს.“ . „ჩეხურ ენერგო-პრო ეი.ეს.“-ს სრულად ფლობს „დკ ჰოლდინგ ინვესტმენტს ს.რ.ო.“. ამ უკანასკნელის აქციების 100%-ის მფლობელია იარომირ თესარი, რომელიც ამასთანავე კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი მხარეა.

შპს ჩემპიონები 111 – 2010 წლის 27 აპრილს დარეგისტრირდა. კომპანიის 100% შვედეთში რეგისტრირებულ Betsson Perch Investments-ს ეკუთვნის. დირექტორები არიან მალტის მოქალაქე კრისტიან სალიბა და საქართველო- რუსეთის მოქალაქე მაია კოპინაძე.

ნინი ქეთელაური