ერთ თვეში რეფინანსირების სესხები 8,2 მლრდ ლარით შემცირდა

ინფლაციის არსებული მაღალი მაჩვენებლისა და არადამაიმედებელი მოლოდინების ფონზე, ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის აპრილში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ანუ ფულის ფასი ქვეყანაში 1 პროცენტული პუნქტით 9.50% პროცენტამდე გაზარდა. გაზრდილი განაკვეთის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში რეფინანსირების სესხების მოცულობამ ჯამში 3,86 მლრდ ლარი შეადგინა, ეს კი აპრილთან შედარებით 8,2 მლრდ ლარით ნაკლებია. აპრილში რეფინანსირების სესხების მოცულობა 12,06 მლრდ ლარს შეადგენდა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რეფინანსირების სესხების მოცულობის შემცირების ტენდენცია ემთხვევა ლარის კურსის გამყარების ტრენდს. კერძოდ, რეფინანსირების შემცირების პერიოდში ლარი დოლართან მიმართებით დაახლოებით 8.5%-ით გამყარდა და აშშ დოლარის ღირებულება დაახლოებით 3,15 ლარს შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ რეფინანსირების სესხები ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომლის საშუალებითაც იგი ერთკვირიან სესხებს გასცემს კომერციულ ბანკებზე ლიკვიდობის შესანარჩუნებლად. აღნიშნული ბერკეტს ეროვნული ბანკი აქტიურად იყენებს ინფლაციის მაღალი ტემპის შესაჩერებლად. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის დონე ქვეყანაში მაღალია, მაშინ ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს ზრდის.

ნოდარ სირბილაძე