ისრაელში ბიზნეს-ფორუმი "თბილისი-იერუსალიმი" გაიმართება

2015 წლის თებერვალში ისრაელში ბიზნეს-ფორუმი "თბილისი-იერუსალიმი" გაიმართება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისის მერი დავით ნარმანია ისრაელის ქნესეთის ვიცე-სპიკერს იეჰიელ ხილიკ ბარს შეხვდა. შეხვედრას თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი ბერეკაშვილიც ესწრებოდა. სწორედ აღნიშნულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო თბილისის მერის ვიზიტს ისრაელში.

დავით ნარმანიას განცხადებით, 2015 წლის თებერვალში ისრაელში დაგეგმილია ბიზნეს-ფორუმი "თბილისი-იერუსალიმი", რომელსაც ქართველი და ებრაელი ბიზნესმენები დაესწრებიან. ფორუმზე ქართული მხარე პრეზენტაციით წარდგება და ებრაულ მხარეს საქართველოში არსებული ბიზნეს-გარემოს შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.

მხარეებმა ასევე განიხილეს ისრაელ-საქართველოს ურთიერთობები. როგორც ისრაელის ქნესეთის ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, ისრაელის ქნესეთი დაინტერესებულია, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდეს და ახალ ეტაპზე გადავიდეს. დავით ნარმანიას განცხადებით, ისრაელ-საქართველოს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს და ამის დასტურია ისიც, რომ ისრაელის ელჩს საქართველოში იუვალ ფუქსს წლევანდელ თბილისობის დღესასწაულზე საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა.

ქნესეთის ვიცე-სპიკერთან ერთად ისრაელის დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ასევე ისრაელის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ყოფილი მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ოფირ პინეს-პაზი, ებრაული ლობისტური ორგანიზაციის, JSTREET-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგში, რახელ ლერნერი, ასევე საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი იციკ მოშე და მსოფლიო ებრაული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის პრეზიდენტი ნათან როი.