ადგილობრივი ვიზიტორების რაოდენობა 23.4%-ით გაიზარდა

2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 094.4 ათასით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელეს 1 234.6 ათასი ვიზიტი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა 23.4 პროცენტით მეტია 2020 წლის პირველი კვარტალის შესაბამის მონაცემზე.

საქსტატის ცნობით, 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 554 ათასით განისაზღვრა, რაც 28.8 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის განაწილებას ვიზიტის ტიპის მიხედვით.

„2021 წლის პირველ კვარტალში ვიზიტორების 39 პროცენტი მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ამასთან, ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 50.9 პროცენტს შეადგენდა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 42.7 პროცენტი თბილისის მაცხოვრებელია, 12.3 პროცენტი მოდის ქვემო ქართლის რეგიონზე, 10.9 პროცენტი - იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი.

2021 წლის პირველ კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა (47.1 პროცენტი) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით. ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა თბილისში (საშუალოდ 262 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 210 ათასი ვიზიტი თვეში).

2021 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 184.2 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 44.9 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 22.0 პროცენტით და 149.2 ლარს უტოლდება,“-აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

თაია არდოტელი