G7-ის ინვესტიციების სამიზნე მწვანე ინფრასტრუქტურული პროექტებია

დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნები მწვანე ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტიციებისთვის ითანამშრომლებენ. ინვესტიციები, ასევე, შეეხება განვითარებად ქვეყნებში კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლასა და ბიომრავალფეროვნების დაცვას. ამის შესახებ განცხადება დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა. ეს ქვეყანა წელს შვიდეულის სამიტს მასპინძლობდა.

განცხადებაში წერია, რომ G7-ს აქვს გეგმა სახელწოდებით - „გავხადოთ მსოფლიო უკეთესი, ვიდრე იყო მომავალი კეთილდღეობისთვის.“ გეგმის ამოცანაა, ეკოინფრასტრუქტურული პროექტებისთვის საერთაშორისო დაფინანსება წლიურად 100 მლრდ დოლარამდე გაიზარდოს. ეს აფრიკის რკინიგზით დაწყებული, აზიის ქარის ელექტროსადგურებით დამთავრებული, ყველა პროექტს შეეხება. განვითარებადი ქვეყნებისთვის დაფინანსებაზე წვდომა გამარტივდება. ამასთან, ახალი მიდგომით განახლებად ენერგიაზე და მდგრად ტექნოლოგიებზე გლობალური გადასვლა დაჩქარდება.

შვიდეულის წევრი ქვეყნები მხარს დაუჭერენ ბუნების შესახებ კონვენციას, რომელიც მიმართულია პლანეტის ბიომრავალფეროვნების დაცვისკენ.

„პლანეტის დაცვა, ეს არის უმთავრესი, რისი გაკეთებაც შეუძლიათ ხელისუფლებებს საკუთარი მოსახლეობისთვის. არის პირდაპირი კავშირი სითბური აირების გამოფრქვევის შემცირებასა და ბუნების აღდგენას შორის, ასევე, სამუშაო ადგილების შექმნასა და გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას შორის. ჩვენ, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოები, ვალდებული ვართ, განვითარებად ქვეყნებს დავეხმაროთ. მათ ეკოლოგიურად სუფთა ეკონომიკიდან, სამართლიანი და გამჭვირვალე სისტემის წყალობით, სარგებელი უნდა ნახონ,“ - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონმა.

განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნები საკუთარ თავზე აიღებენ ვალდებულებას, 2030 წლისთვის ატმოსფეროში სითბური აირების გამოფრქვევა, 2010 წლის მაჩვენებელთან შედარებით, გაანახევრონ. „შვიდეულის“ ლიდერები ბოლოს მოუღებენ სახელმწიფო მხარდაჭერას იმ ენერგეტიკული პროექტების მიმართ, რომლებიც წიაღისეულ საწვავს იყენებენ. ასევე, G7-ის წევრი ქვეყნები ბენზინისა და დიზელისძრავიან ავტომობილებს ხმარებიდან ეტაპობრივად ამოიღებენ.

კოკა კვირკველია