თურქეთმა ეროვნული ვალუტის დასაცავად ჩინეთთან ახალ ხელშეკრულება დადო

თურქეთმა ჩინეთთან 3,6 მლრდ დოლარის გაცვლაზე ახალ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რითიც არსებული სავალუტო შეთანხმების ლიმიტი 6 მლრდ დოლარამდე გაზარდა. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა გუშინ გააკეთა.

Bloomberg-ის შეფასებით, ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორთან დადებული ახალი ხელშეკრულებით მოხდება ცენტრალური ბანკის რეზერვების მხარდაჭერა. ეს თურქეთს საშუალებას მისცემს, ქვეყანაში ვაჭრობა ადგილობრივ ვალუტაში გაზარდოს და დოლარის გამოყენება თავიდან აირიდოს. ერდოღანმა არ დააკონკრეტა, თუ როდის მოეწერა ხელი ახალ ხელშეკრულებას.

თურქეთმა ვალუტის გაცვლაზე ჩინეთთან პირველი ხელშეკრულება 2012 წელს გააფორმა, რის შედეგადაც შემდგომმა გარიგებებმა თურქულ კომპანიებს საშუალება მისცა, ჩინეთიდან იმპორტის ღირებულება იუანებში გადაეხადათ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ