Netflix პოპულარული გმირების სათამაშოებსა და ტანსაცმელს აპლიკაცია Netflix.shop-ით გაყიდის

სტრიმინგ-მაუწყებლის წამყვანი კომპანია Netflix თავისი პოპულარული გმირების სათამაშოების, თამაშებისა და ტანსაცმლის გაყიდვას იწყებს, რისთვისაც კომპანიამ აპლიკაცია Netflix.shop შექმნა. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

სააგენტოს შეფასებით, Netflix ცდილობს, თავისი პოპულარული პერსონაჟები დამატებითი შემოსავლის წყაროდ აქციოს, რასაც კომპანია Walt Disney წლებია, წარმატებით აკეთებს. Netflix.shop საცალო ვაჭრობის ონლაინ-პლატფორმა იქნება, რომელიც კინოფილმებისა და შოუების კატალოგიდან ყურადღებით შერჩეულ პროდუქტებს გაყიდის. პირველ კოლექციას ანიმაციით ინსპირირებული პროდუქტები წარმოადგენს, ხოლო სხვა პროგრამების პროდუქტები შემუშავების სტადიაშია.

„მერჩენდაიზინგი Netflix-ის ლოგიკური გაფართოებაა. სხვა მსხვილი სტუდიები მილიარდობით დოლარის შემოსავალს იღებენ სათამაშოებიდან, საკოლექციო ნივთებიდან და სხვა საქონლიდან, რომელიც პოპულარული პერსონაჟებისა და სერიალების საფუძველზე შეიქმნა,“ - წერს Bloomberg. სააგენტოს მონაცემებით, მხოლოდ „ვარსკვლავური ომების“ ფილმებზე და შოუებზე შექმნილმა პროდუქციამ Walt Disney-ს ათობით მილიარდი დოლარი მოუტანა.

Netflix.shop-ის პირველი პროდუქტებია ანიმაციურ სერიალ „იასუკეს“ და „ედემის“ ქუჩის ტანსაცმელი და სათამაშო ფიგურები, ასევე, შოუ Lupine-დან შთაგონებული ტანსაცმელი და დეკორატიული საგნები.

Netflix-ში აცხადებენ, რომ Netflix.shop-ს მაღაზიების ქსელიც ექნება, რომელიც ჯერ აშშ-ში გაიხსნება და შემდეგ სხვა ქვეყნებშიც გაფართოვდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ