მსოფლიოს წარმატებული ბრენდების 10 საერთო მახასიათებელი

პროექტი „ლურჯი ოკეანე“ მსოფლიოში აღიარებულ ბიზნესლიტერატურას ქართულ ენაზე გამოსცემს.

მისი ერთ-ერთი ცნობილი და გამორჩეული სერიაა „მარტივად“, რომელიც ყველასთვის პრაქტიკული სახელმძღვანელოა. ამ დრომდე ამ სერიის ფარგლებში გამოიცა კონკრეტული მიმართულების წიგნები: „მარკეტინგი მარტივად“, „რეკლამა მარტივად“, „პროექტის მართვა მარტივად“, „გაყიდვები მარტივად“ და „ბრენდინგი მარტივად“. ეს წიგნები ამ თემებით დაინტერესებულ ადამიანებს დაეხმარება მიიღოს კონკრეტულ სფეროში როგორც თეორიული ცოდნა, ისე პრაქტიკული რჩევები, რომლებსაც წარმატებით გამოიყენებს საქმიანობაში.

brendingi-1623672485.png

ბრენდინგი დღეს აქტუალური თემაა. იგი გზას უკვალავს მარკეტინგის წარმატებას. წიგნი „ბრენდინგი მარტივად“, დაგეხმარებათ, გაიგოთ როგორ შევქმნათ ბრენდი და როგორ გავაუმჯობესოთ უკვე არსებული ბრენდის მდგომარეობა.

ახლა კი, განვიხილოთ მთელ მსოფლიოში აღიარებული ბრენდების ათი საერთო მახასიათებელი.

ბრენდინგის გლობალური საკონსულტაციო ორგანიზაცია Interbrand და ჟურნალი Business Week ყოველწლიურად აქვეყნებენ მსოფლიოს ყველაზე ღირებული ბრენდების რეიტინგს. ეს არის ბრენდისა და მარკეტინგის გავლენიანი და მნიშვნელოვანი კვლევა. 2020 წლის მსოფლიოს ყველაზე ღირებული ბრენდებია:

  • #1 Apple#2 Amazon
  • #3 Microsoft
  • #4 Google
  • #5 Samsung
  • #6 Coca-Cola
  • #7 Toyota
  • #8 Mercedes - Benz
  • #9 McDonald’s
  • #10 Disney
  • #11 BMW
  • #12 intel
  • #13 Facebook
  • #14 IBM
  • #15 Nike
  • #16 Cisco
  • #17 Louis Vuitton
  • #18 SAP
  • #19 Instagram
  • #20 Honda

წარმოგიდგენთ ათ მახასიათებელს, რომლებიც ჩამოთვლილ ბრენდებს კვლევის შედეგად აღმოაჩნდათ.

უბრალო, მაგრამ ძლიერი განსხვავება

დიდ ბრენდებს განსაკუთრებული ადგილი უკავია იმ ადამიანების გონებაში, რომლებიც მათგან ყიდულობენ, მათთვის მუშაობენ ან ფინანსურ თუ ემოციურ ინვესტიციებს დებენ. დიდი ბრენდები ადვილად შესამჩნევია და აღსაქმელია, ასევე ასახსნელი და მნიშვნელოვანია მომხმარებლებისა და ყველა დაინტერესებული მხარისთვის. სწორედ ეს განასხვავებთ მათ ყველა დანარჩენისგან. მათ ბაზარზე განსაკუთრებული ადგილი უკავიათ, რადგან ისეთი უპირატესობებით სარგებლობენ, როგორიც არც ერთ კონკურენტ ბრენდს არ გააჩნია.

ნათელი და მტკიცე ხედვა

ბრენდები შენდება შიგნიდან გარეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ბრენდი იბადება ისეთ კომპანიაში, რომელსაც ნათლად ჩამოყალიბებული მისია, კონცეფცია და ღირებულებები აქვს, რომელთა საფუძველზეც იღებს ბრენდინგის ყველა გადაწყვეტილებას. გარდა ამისა, ასეთი ბრენდები გამოხატავენ საკუთარ შეხედულებებსა და აზრებს ყველაფერში, რასაც აკეთებენ და ამბობენ: პროდუქტსა და მომსახურებაში, რომლითაც თანამშრომლებს იზიდავენ, რეკლამებსა და კომუნიკაციებში, რომელსაც ბაზარზე გზავნიან.

მომხმარებლებისთვის საჭირო და სანდო დაპირება

ადამიანებს ემოციური მიჯაჭვულობა აკავშირებთ ისეთ ბრენდებთან, რომლებიც ყოველთვის აკმაყოფილებს მათ მოთხოვნებსა და მოთხოვნილებებს. დიდი ბრენდები მომხმარებლების სურვილების, ნდობისა და მოთხოვნილებების სიმბოლოებად იქცევა.

გამორჩეული, სანდო და უმაღლესი ხარისხის პროდუქტი და სერვისები

დიდ ბრენდებს დიდებული პროდუქტი აქვთ. მათი პროდუქტის დიზაინი, წარმოება და შეფუთვა საუკეთესოა, აქვთ ჩინებული კომუნიკაციები და შესანიშნავი მომსახურება პროდუქტის გაყიდვამდეც და გაყიდვის შემდგომაც.

ბრენდის ძლიერი და დაუვიწყარი იდენტურობა

თვალი გადაავლეთ ამ თავის დასაწყისში ჩამოთვლილ ყველაზე წარმატებული ბრენდების სიას. ამ ბრენდების სახელების დანახვისას უცებ გახსენდებათ მათი ლოგოები, სლოგანები, მათთან დაკავშირებული მელოდიები და რეკლამებიც. ეს იმიტომ, რომ თითოეული წარმატებული ბრენდის იდენტურობის ელემენტები სადა, ძლიერი და ადვილად დასამახსოვრებელია და ამასთანავე, სახეცვლილებების გარეშეა წარმოდგენილი პროდუქტზე, ბაზარზე, ყველა საკომუნიკაციო საშუალებასა და მომხმარებლებთან ურთიერთობის დროს.

ბრენდის ერთი, თანამიმდევრულად წარმოდგენილი გზავნილი

ბრენდის მკაფიო და მყარი გზავნილი უმთავრესია ყველა დიდი ბრენდის საკომუნიკაციო საშუალებებისთვის. ყოველთვის, როცა მის პროდუქტსა და შეფუთვას ეხებით, მის ბეჭდურ თუ სამაუწყებლო რეკლამას ნახულობთ თუ ინტერნეტით უკავშირდებით, დიდი ბრენდების ხასიათი ყველგან ერთნაირადაა გამოხატული და ძირითადი გზავნილიც არასოდეს იცვლება.

ბრენდის განსაცვიფრებელი გამოცდილება

ნეტავ, რა არის ბრენდის განსაცვიფრებელი გამოცდილება? ეს არის საქმიანი ურთიერთობა, რაც აძლიერებს ბრენდის გზავნილსა და დაპირებას მომხმარებელთან ყოველი შეხების დროს. დიდი ბრენდების გამოცდილება პირველი შთაბეჭდილებებისთანავე იწყება და გრძელდება შეძენაზე ფიქრის დროს, შეძენის პროცესში და შეძენის შემდგომ პერიოდში. ამ პროცესში, საუკეთესო მომსახურების შედეგად, მომხმარებელს ბრენდის მიმართ სიყვარული უყალიბდება, რომელიც ამყარებს მომხმარებლისა და ბრენდის ურთიერთობას მთელი ცხოვრების განმავლობაში.

ბრენდის ერთგულება ზემოდან ქვემოთ

დიდი ბრენდები შენდება ზემოდან ქვემოთ და შიგნიდან გარეთ. ყველა წარმატებული ბრენდის კომპანიას (თუნდაც დასაწყისში ჩამოთვლილი ბრენდებიდან ნებისმიერს) ერთგული ადამიანები მართავენ და ბრენდის გულშემატკივართა გუნდი ემსახურება.

თქვენი ბრენდის ერთგული, პირველ რიგში, კომპანიის მენეჯერები და მფლობელები უნდა იყვნენ და შემდეგ – ყველა თანამშრომელი და ის ადამიანები, რომლებიც გავლენას ახდენენ თქვენს პროდუქტზე, დაპირებასა და ბრენდის გამოცდილებაზე.

ცვალებადობასთან შეგუების უნარი

ძლიერი ბრენდები არ კარგავენ სიძლიერეს მაშინაც კი, როდესაც ახალ გეოგრაფიულ ზონაში ან ახალ ბაზარზე გადაადგილდებიან, ან მაშინ, როდესაც ეკონომიკა და ბაზრის პირობები იცვლება. მიუხედავად კონკურენტული გარემოს, ეკონომიკური მდგომარეობის, მომხმარებელთა ინტერესების და ბაზრის ტენდენციების ცვლილებებისა, ისინი წარმატებით განაგრძობენ მომხმარებელთა მოთხოვნილებების, ინტერესებისა და გემოვნების დაკმაყოფილებას.

ავტორი: ნაია აბაშიძე