ილონ მასკი თავის ბოლო სახლს ყიდის

ილონ მასკმა Tweeter-ზე დაწერა, რომ თავის ბოლო დარჩენილ სახლს ყიდის. მასკმა ეს ერთი კვირის თავზე განაცხადა, რაც ProPublica-ს ანგარიშში ის და სხვა მილიარდერები რამდენიმე წლის განმავლობაში მოგების გადასახადის ნაწილობრივ გადახდაში ან საერთოდ გადაუხდელობაში დაადანაშაულეს.

„გადავწყვიტე, დარჩენილი ბოლო სახლიც გამეყიდა. ის დიდი ოჯახის საცხოვრებლად განსაკუთრებული ადგილია,“ - წერს მასკი.

ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიის გენერალურმა დირექტორმა თვის დასაწყისშიც დაწერა, რომ სან-ფრანცისკოს ყურეში მხოლოდ ერთი სახლი აქვს, რომელიც ღონისძიებებისთვის არის გაქირავებული. მაშინ მასკი სახლის გაყიდვას არ აპირებდა, რადგან წერდა, რომ ეს ნაკლებ სარგებელს მოუტანდა. მისი თქმით, „სახლს რომელიმე დიდი ოჯახი თუ იყიდიდა, რაც შეიძლება, როდესმე მოხდეს.“

49 წლის ილონ მასკმა თავისი სახლებისა და ქონების ძირითადი ნაწილის გაყიდვა წელიწადზე მეტია, რაც დაიწყო, რადგან, მისი შეფასებით, ეს სიმდიდრის მწვავე კრიტიკის საშუალებაა. ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში მან გასაყიდად კალიფორნიის უძრავი ქონებიდან 2 სახლი გამოიტანა.

გასულ კვირას აშშ-ს შიდა შემოსავლების სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, პორტალ ProPublica-მ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ეწერა, რომ ილონ მასკს, Amazon-ის გენერალურ დირექტორ ჯეფ ბეზოსს, Berkshire Hathaway-ის ხელმძღვანელ უორენ ბაფეტსა და Bloomberg-ის დამაარსებელ მაიკლ ბლუმბერგს, თავიანთ ქონებასთან შედარებით, ძალიან ცოტა მოგების გადასახადი აქვთ გადახდილი. ანგარიშის მიხედვით, მასკს 2018 წელს საშემოსავლო ფედერალური გადასახადი საერთოდ არ გადაუხდია, ხოლო 2015 და 2017 წლებში მხოლოდ 70 000 დოლარზე ნაკლები გადაიხადა. შიდა შემოსავლების სამსახურმა (Internal Revenue Service- IRS) გამოვლენილი მილიარდერების საქმე ფედერალურ საგამოძიებო ბიუროს (FBI) გადასცა.

ProPublica-ს ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, ილონ მასკმა Tweeter-ზე დაწერა, რომ კალიფორნიაში საშემოსავლო გადასახადებს მხოლოდ შტატში გატარებული დროის პროპორციულად გადაიხდის. გასულ წელს ის ტექსასში გადავიდა და ბოკა-ჩიკაში სახლი კორპორაცია Space Exploration Technologies-ისგან 50 000 დოლარად იქირავა. ამ რაიონში Space Exploration რეკეტის გაშვების სასტარტო მოედანს ფლობს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ