Philips-მა მომწამვლელი ქაფის გამო სუნთქვის აპარატები დაახარვეზა

ჰოლანდიურმა სამედიცინო აპარატურის მწარმოებელმა კომპანია Philips-მა ზოგიერთი სასუნთქი აპარატი და ვენტილატორი დაახარვეზა და ხმარებიდან ამოიღო. მიზეზი ისაა, რომ აპარატის ქაფის ნაწილი შესაძლოა, დეგრადირდეს და ტოქსიკური გახდეს, რაც პოტენციურად კიბოს გამომწვევია. ამის შესახებ კომპანიის დღევანდელ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც სააგენტო Reuters ავრცელებს.

კომპანიაში განმარტავენ, რომ ქაფი აპარატის ხმის ჩასახშობად გამოიყენება. ქაფმა შესაძლოა, დაშლა დაიწყოს და მცირე ნაწილაკები გამოყოს, რომლებმაც სასუნთქი გზები გააღიაზიანოს. დეგრადირებული ქაფისგან გამოყოფილი გაზები შესაძლოა, ტოქსიკური და სიმსივნის გამომწვევი რისკის შემცველი იყოს.

Philips-ის გენერალურ დირექტორ ფრანს ვან ჰაუტენის თქმით, კომპანია ძილის აპნოეს მკურნალობის აპარატებისა და ვენტილატორების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია. ამ აპარატებს ძილის აპნოეს მკურნალობისთვის იყენებენ. ხმარებიდან 80%-ს ანუ 3-დან 4 მილიონამდე სუნთქვის აპარატსა და ვენტილატორების 20%-ს ამოიღებენ. პრობლემური აპარატების საერთო ღირებულებამ 500 მლნ ევრო შეადგინა, რასაც კომპანია თავის თავზე იღებს.

ამ განცხადების შემდეგ ამსტერდამში, კომპანიის აქციები 4,2%-ით, 44,42 ევრომდე დაეცა.

„ვცდილობთ, მთელი ყურადღება გავამახვილოთ ამ აგრეგატების ჩანაცვლება-შეკეთებაზე, რასაც ერთი წელი დასჭირდება. სამწუხაროდ, დეფიციტი გაჩნდება და ახალ კლიენტებს ვეღარ მოვემსახურებით,“ - აცხადებს ვან ჰაუტენი.

Philips-ის აპარატების, თითქმის, ორი-მესამედი აშშ-ში იყიდება. დახარვეზებაზე გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კომპანიაში დეგრადირებული ქაფის შედეგად პაციენტისთვის შესაძლო ზიანის მიყენებაზე შეტყობინება შევიდა, თუმცა ამ პრობლემის შედეგად დამდგარი სიკვდილის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. შესული საჩივრები 2020 წელს გაყიდული აპარატების 0,03%-ს შეადგენს. Philips-ში აცხადებენ, რომ ჯანდაცვის ორგანოებთან ერთად აპარატებისთვის უსაფრთხო ქაფის შემუშავებაზე მუშაობენ.

აპრილში კომპანიამ გაავრცელა ანგარიში, რომ პირველ კვარტალში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მისი მოგება 74%-ით, 362 მლნ ევრომდე გაიზარდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ