გიორგი აბაშიშვილი გახარიას პარტიის პროგრამულ ხედვებზე - დასაქმების ხელშესაწყობად და ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის გვაქვს დანერგილი პრინციპი - „ჯერ ქართული"

დიდი ნაწილი პროგრამაში ეთმობა ეკონომიკურ განვითარებას. ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულებაა ის, რაც საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს - ეს არის უმუშევრობა და სიღარიბე, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გიორგი გახარიას პარტიის პროგრამა ამბიციურ მიზანს ისახავს და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზეა ორიენტირებული. „ჩვენი მთავარი მიზანია უზრუნველვყოთ ისეთი ეკონომიკური სისტემის ფორმირება და ეკონომიკური რეფორმების ხელშეწყობა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, რაც ავტომატურად აუცილებელია, რომ შემდგომ მივიდეს საქართველოს თითოეულ მოქალაქემდე. ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია ინვესტიციების ხელშეწყობა. გვაქვს კონკრეტული პაკეტი და შეთავაზება ინვესტორებისთვის რამდენიმე მიმართულებით. ეს შეეხება ერთი მხრივ საგადასახადო შეღავათებს, რიგ შემთხვევაში, სუბსიდირებასაც კი, თუკი ინვესტორი შექმნის ახალ პროდუქციას, რომელიც იქნება ექსპორტზე ორიენტირებული.

მნიშვნელოვანია, რომ დასაქმების ხელშესაწყობად და ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის გვაქვს დანერგილი პრინციპი - „ჯერ ქართული" - რაც გულისხმობს, რომ ინვესტორი, რომელიც საქართველოში განახორციელებს ინვესტირებას, შესაბამისი ხარისხის უზრუნველყოფის შემთხვევაში - ამ პრინციპით მოხდება ქართული პროდუქციის გამოყენება პირველ რიგში და ამგვარად, საქართველოს მოქალაქეების დასაქმება",- განაცხადა პარტია „საქართველოსთვის" წარმომადგენელმა, გიორგი აბაშიშვილმა. აბაშიშვილი პარტიის ეკონომიკურ ხედვებს სიღარიბის და უმუშევრობის შემცირების ეფექტურ სტრატეგიად აფასებს.

„ეს ავტომატურად გულისხმობს სწორედ იმას, რომ ჩვენ მნიშვნელოვანწილად შევამცირებთ უმუშევრობის და სიღარიბის მაჩვენებელს ქვეყანაში",-განაცხადა მან. პარტია „საქართველოსთვის" პროგრამული ხედვების განხილვა პარტიის წევრებმა ბათუმში, პარტიის რეგიონული ოფისის გახსნის შემდგომ მოაწყვეს.

ინფორმაციას პარტია „საქართველოსთვის" პრესსამსახური ავრცელებს.