დღეიდან აჭარაში ტურისტული სეზონი ოფიციალურად იხსნება

აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად იხსნება. გახსნის დღესთან დაკავშირებით ბათუმის ბულვარში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი.

მათ შორის გაიმართება: ფრანების შოუ ზღვის სანაპიროზე, მოძრაობის თეატრის პანტომიმა, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ავიაშოუ ანბანის კოშკთან, ბალეტი ღია ცის ქვეშ და DJ საზაფხულო თეატრთან.

სპეციალურად სეზონის გახსნისთვის რეგიონში მოქმედ ყველა მუზეუმში, პეტრას ციხესა და გონიო აფსაროსის ციხე-მუზეუმში შესვლა იქნება უფასო.

ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის ეზოში სტუმრებისთვის გაიმართება სპექტაკლი „ჰელადოსი“ , რომელზე დასწრებაც ასევე ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

„15 ივნისს, აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება, რაც ნიშნავს რომ, პანდემიის პარალელურად კვების, განთავსების და სხვა სერვისების მიმწოდებლების მიერ დანერგილია ის სტანდარტი, რაც ვიზიტორების უსაფრთხოდ მიღებისთვის არის საჭირო. წელს, ტურისტული სეზონი და ვიზიტორების მიღება განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გვანიჭებს. ჩვენ მოგზაურებს ველოდებით, როგორც ჩვენი მეზობელი, ისე იმ სამიზნე ქვეყნებიდან, საიდანაც ბათუმის მიმართულებით რეგულარული ფრენები ხორციელდება. რეგიონის სტუმრებს ზღვის ტურისტულ პროდუქტებთან ერთად მრავალფეროვან ტურისტულ მიმართულებებს ვთავაზობთ მთიან აჭარაში, სადაც ახალი ტურისტული მარშრუტები და პროდუქტები განვავითარეთ“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ.