ლარი მცირედით კიდევ გამყარდა

ბანკთაშორის სავალუტო ვაჭრობის შედეგად, ეროვნულმა ბანკმა ლარი-დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 24 დეკემბრისთვის 1, 8978 ლარი დაადგინა.

ცნობისთვის, გუშინდელი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად 1 აშშ დოლარი 1, 9021 ლარი ღირდა.

Bpn.ge დაინტერესდა, რა უდევს საფუძვლად ლარის გამყარებას და როგორია პროგნოზები. როგორც ჩვენთან საუბრისას ეკონომიკის ექსპერტმა ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, ლარის გამყარება წინასაახალწლო სამზადისს უკავშირდება და მომავალშიც, ლარი კიდევ უფრო გამყარდება: ”ამ ეტაპზე არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ასეთი მერყეობა გაგრძელდება, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად კი გამყარებაც იქნება. 2015 წლიდან საინვესტიციო აქტიურობაა მოსალოდნელი, თუ დაანონსებული პროექტები ამოქმედდა, ველი რომ ლარი კიდევ უფრო გამყარდება. მაგალითად, ”ხუდონჰესის” მშენებლობა, ”ანაკლიის” პროექტი და ა.შ."

აღსანიშნავია, რომ ეროვნული ვალუტა 1, 91-იან ნიშნულს 18-დან 22 დეკემბრის ჩათვლით ინარჩუნებდა. 18 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად კი, ლარის ღირებულება დოლართან მიმართებაში 1,85-დან ერთბაშად 1,91-მდე გაუფასურდა.

2 დეკემბრის შემდეგ საქართველოს ეროვნულ ბანკს სავალუტო აუქციონზე დოლარი გასაყიდად აღარ გამოუტანია. ამ დღეს სებმა ბაზარზე 40 მილიონი აშშ დოლარის ინტერვენცია განახორციელა, მანამდე კი 25 ნოემბერს ამავე მოცულობის დოლარის მასა გაყიდა.