„ჰორეკა“ სექტორი ახალ თანამშრომლებს ეძებს - რატომ შეიქმნა კვალიფიციური კადრების დეფიციტი

„ჰორეკა“ სექტორში კვალიფიციური კადრების დეფიციტია.

როგორც რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი შოთა ბურჯანაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ამის მიზეზი პანდემია და დაპაუზებული ბიზნესია, რის გამოც გამოცდილმა კადრებმა საქმიანობის სფერო შეიცვალეს, ან ქვეყნის საზღვრები დატოვეს. შესაბამისად, დღეს უკვე თითქმის ყველა ობიექტი ახალ თანაშრომლებს ეძებს.

ცნობისთვის, hr.ge-ს მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული ვაკანსიების რაოდენობით, ყველაზე აქტიური "ჰორეკა" სექტორია. კერძოდ, ჯამური ვაკანსიების რაოდენობიდან 22% დღეს უკვე სწორედ კვებისა და სასტუმრო ობიექტებზე მოდის. გარდა ამისა, როგორც hr.ge-ს მენეჯერი „ბიზნესპრესნიუსთან“ აღნიშნავს, ხშირია შემთხვევები, როდესაც კომპანია თავიდან ათავსებს ვაკანსიას და მიზეზად ასახელებს იმას, რომ ვერ ახერხებს შესაბამისი კადრის აყვანას.

შოთა ბურჯანაძე: „მე ხშირად ვამბობდი, რომ ჩვენ დავდგებოდით ორი პრობლემის წინაშე. პირველი ის, რომ ძალიან ბევრი რესტორანი დაიხურება და ჩამოსულ სტუმრებს შესაძლოა, შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ დახვდეთ... და მეორე, უფრო მნიშვნელოვანი, რომ წლების განმავლობაში აშენებულ ამ სექტორში, რომელმაც უამრავი პროფესიონალი გაზარდა, დასაქმებულ ხალხს დავკარგავთ-მეთქი. სამწუხაროდ, ეს პრობლემა რეალობად იქცა. დღეს, ძალიან დიდი მოთხოვნა გაჩნდა იმ კადრებზე, რომელებიც პანდემიის განმავლობაში დასაქმებული ვერ იყო და თვითონ სექტორმა ვერ შეინახა. ეს ხალხი გადავიდა სხვადასხვა სფეროებში, მაგალითად, იგივე მიტანის სერვისზე, ან წავიდა საზღვარგარეთ. ამიტომ, დღეს მართლაც სანთლით საძებნია პროფესიონალები.

ეს საკითხი პრობლემაა არა მარტო „ჰორეკასთვის“, არამედ ტურისტული სხვა ბევრი ბიზნესისთვის. ეს გარდაუვალი იყო, იმიტომ, რომ ვერ ნარჩუნდებოდა კადრი და ბუნებრივია, რომ ამას ისევ შევსება სჭირდება“.

როგორც შოთა ბურჯანაძე ამბობს, დღეს უკვე პრობლემაა კადრების რეგიონებში მიგრაციაც, რაც პანდემიამდე, 2018-19 წლებში ტურისტების სიმრავლემ მოაგვარა.

„2018-19 წლებში იყო ტურისტების მოზღვავება და ამ დიდმა ნაკადმა განაპირობა ის, რომ ყველა ადგილზევე საქმდებოდა. მათ აღარ უწევდათ ტურისტულ ადგილებზე წასვლა. ადრეულ წლებში ეს ხალხი მიგრაციას განიცდიდა, ზამთარში გუდაურში და ბაკურიანში, ზაფხულში კი, ბათუმში, ზღვისპირეთსა და ისეთ რეგიონებში უწევდათ გადასვლა, სადაც უფრო მეტი ტურისტი იყო. ამ მხრივ, 2018-2019 წლები მდგრადობის შენარჩუნების პერიოდი იყო, რადგან კადრებზე ყველგან დიდი მოთხოვნა იყო. ახლა ეს პრობლემა ისევ თავიდან დაბრუნდა. ძალიან ბევრი კადრია წასული ბათუმში და ეს ხალხი თბილისს თავისთავად დააკლდა, რადგან აქ ადგილობრივი მოთხოვნა რჩება. შესაბამისად, კადრების დეფიციტი ყველა რესტორნისთვის პრობლემაა, მით უმეტეს, რომ დღეს უკვე კვების ობიექტებზე მოთხოვნა მზარდი დინამიკით ხასიათდება“,- ამბობს შოთა ბურჯანაძე.

ნინი ქეთელაური