დავით ნარმანიას განმარტებით, ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიების ცვლილება მოსახლეობისთვის ტარიფის ცვლილებას არ გამოიწვევს

1-ელი ივლისიდან საქართველოს მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიების ცვლილება ტარიფის ცვლილებას არ გამოიწვევს. ასე ეხმაურება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია აღნიშნულ ცვლილებებს.

როგორც ნარმანია განმარტავს, ცვლილებები ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმამ გამოიწვია.

„ევროპული პრაქტიკის და წესების შესაბამისად ენერგეტიკის სექტორში რეფორმები მიმდინარეობს. მარეგულირებელმა კომისიამ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში 30-ზე მეტი ახალი მარეგულირებელი წესი და ნორმა მიიღო, რომლის უმთავრესი დანიშნულება არის ბაზრის ეტაპობრივი გახსნა, ვაჭრობის და კონკურენციის განვითარების ხელშეწყობა ელექტროენერგეტიკის სექტორში. მნიშვნელოვანია, რომ მარეგულირებელმა კომისიამ ამ პერიოდის განმავლობაში გასცა ახალდაფუძნებულ საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე საქმიანობის ლიცენზია. როგორც გადამცემი სისტემის ოპერატორის საქმიანობის ლიცენზია გაიცა „სახელმწიფო ელექტროსისტემაზე", მოხდა „თელასის" და „ენერგო-პროს" გაყოფა. ისინი 1-ელი ივლისიდან მხოლოდ ქსელის მეპატრონეები იქნებიან, ხოლო ელექტროენერგიის მიწოდებას განახორციელებენ სხვა კომპანიები.

ჩვეულებრივი, ტიპიური მომხმარებლებისთვის პრაქტიკულად არაფერი იცვლება. რაც შეეხება მსხვილ მომხმარებლებს, ეტაპობრივად გავლენ ბაზარზე და ისინი ბაზარზე იყიდიან ენერგიას. შესაბამისად, იქნება ენერგიის გამყიდველები და მყიდველები, კონკურენტულ საფუძველზე მოხდება ენერგიის ყიდვა-გაყიდვა. რაც შეეხება მოსახლეობას, მცირე და საშუალო ბიზნესს, ისინი უზრუნველყოფილი იქნებიან ერთი უნივერსალური მიმწოდებლით, რომელიც უკვე დაასახელა საქართველოს მთავრობამ.

ამასთან, ენერგეტიკულ ბირჟის ამოქმედების თარიღად საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განსაზღვრულია მომდევნო წლის 1-ელი იანვარი. ბირჟა მზად არის ამოქმედებისთვის. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები მსხვილ მომხმარებლებთან, რაც გულისხმობს მათი მრიცხველების მოწესრიგებას და ისეთნაირად მრიცხველების დაყენებას, რომელიც პირდაპირ იქნება დაკავშირებული "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან" და ყოველ საათობრივად მოხმარებული აღრიცხვის საშუალებას მისცემს. ეს ტექნიკური საკითხი უნდა დასრულდეს, რომ ბირჟამ რეალურად დაიწყოს მოქმედება",- განაცხადა ნარმანიამ.

მისივე განმარტებით, 19 მსხვილი კომპანია, მათ შორის სამი სახელმწიფო კომპანია - საქართველოს რკინიგზა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და საქართველოს მელიორაცია გავლენ ენერგიის თავისუფალ ბაზარზე და 1-ელი ივლისიდან ისინი ელექტროენერგიას ბაზარზე იყიდიან.

„ისინი იქნებიან პირდაპირი მომხმარებლები. მათ შეეძლებათ პირდაპირ გააფორმონ ხელშეკრულება რომელიმე ენერგიის წყაროსთან - ჰესთან თუ სხვა წყაროსთან.

ასევე, ენერგია შეეძლებათ იყიდონ საბალანსო ბაზარზე. შესაბამისად, მათთვის ფასები არ იქნება სემეკის მიერ დადგენილი ტარიფით, ისინი საბაზრო ფასად ან ხელშეკრულებით შეიძენენ ენერგიას",- განაცხადა ნარმანიამ.

როგორც სემეკის თავმჯდომარე აცხადებს, აღნიშნული ცვლილებებით, მოსახლეობას ელექტროენერგიის ტარიფი არ გაუძვირდება.

„რაიმე სახის გადაანგარიშება ამ ეტაპზე დაგეგმილი არ არის",- განაცხადა ნარმანიამ.

ცნობისთვის, ამ წუთებში სემეკის ორგანიზებით ელექტროენერგეტიკის სექტორში რეფორმის მიმდინარეობაზე კონფერენცია იმართება.

კონფერენციაზე დეტალურად განიხილავენ ელექტროენერგიის საცალო ბაზარზე არსებულ სიახლეებს, რომელიც პირველი ივლისიდან ამოქმედდება. ასევე, იმსჯელებენ ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის ცვლილებებზე.

კერძოდ, ცვლილებების თანახმად, მთელი საქართველოს მასშტაბით, საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე საწარმოებისთვის ელექტროენერგიის კომუნალური მომსახურების კომპანიები იცვლება. მათ ელექტროენერგიას მიაწვდიან საქართველოს მთავრობის მიერ დასახელებული უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლები. თბილისის მოსახლეობას „თელასის“ ნაცვლად ელექტროენერგიას მიაწვდის „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ (თელმიკო), ხოლო რეგიონის მოსახლეობას „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ნაცვლად „ეპ ჯორჯია მიწოდება“ მოემსახურება. სემეკის განმარტებით, მოსახლეობისთვის არ იცვლება სამომხმარებლო ტარიფი, იცვლება მხოლოდ კომუნალური მომსახურების კომპანია. რაც შეეხება საბითუმო ბაზარს, ენერგეტიკული ბირჟა 2022 წლის იანვრიდან ამოქმედდება.