ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსზე ორი დოზით აცრილებში ინფიცირების მაჩვენებელი 0,2%-ია, ერთი დოზით აცრილებში კი დაახლოებით 0,8%

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსზე ორი დოზით აცრილ ადამიანებში ინფიცირების მაჩვენებელი არის 0,2%, ხოლო ერთი დოზით აცრილებში ეს მაჩვენებელი არის დაახლოებით 0,8%, თუმცა უმრავლესი შემთხვევები მსუბუქია. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„მედიცინაში აბსოლუტური არაფერი არ არის. დღეს, ორი დოზით აცრილია 70 000-მდე ადამიანი. გიდასტურებთ, რომ ორი დოზით აცრილებში გვაქვს ინფიცირების 0,2% . ერთი დოზით აცრილებში კი ეს მაჩვენებელი არის დაახლოებით 0,8%, მაგრამ უმრავლესი შემთხვევები მსუბუქია, რომლებიც ბინაზე მკურნალობით და დაკვირვებით იქნა მოხსნილი. რა თქმა უნდა, გვაქვს ზუსტი სტატისტიკაც რამდენი მოხვდა საავადმყოფოში, თუმცა ამ წუთას ეს სტატისტიკა არ მაქვს“, - აცხადებს გამყრელიძე.