დიდი ბრიტანეთი და ავსტრალია თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმდნენ

დიდმა ბრიტანეთმა და ავსტრალიამ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება დადეს. ერთობლივი განცხადება დღეს გაკეთდა, რასაც სააგენტო Reuters ავრცელებს. ლონდონში აცხადებენ, რომ ყველა ბრიტანულ საქონელზე ტარიფები გაუქმდება, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ბიზნესსა და სამუშაო ადგილებს გაზრდის.

„დღევანდელი დღე ავსტრალია-დიდი ბრიტანეთის ურთიერთობაში ახალი განთიადის ტოლფასია, რაც დაფუძნებულია ჩვენს საერთო ისტორიასა და ღირებულებებზე,“ - ნათქვამია ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებაში.

15 წლის განმავლობაში ბრიტანეთი ავსტრალიიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტს ბაჟის გადასახადის გარეშე განახორციელებს, ხოლო ბრიტანული ავტომობილები, საკონდიტრო ნაწარმი და შოტლანდიური ვისკი ავსტრალიაში იაფად გაიყიდება.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისა და მისი ავსტრალიელი კოლეგის, სკოტ მორისონის შეხვედრა დაუნინგ სტრიტზე გუშინ საღამოს გაიმართა, რა დროსაც ხელშეკრულების ძირითად პირობებზე შეთანხმდნენ. ხელშეკრულების პრინციპებზე საბოლოო შეთანხმება უახლოეს დღეებში მოხდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ