მამუკა ხაზარაძე ფინანსთა მინისტრის მოადგილეზე - ჩვენ ვუსმენდით ძალიან ღარიბი ქვეყნის ფინანსურ მენეჯერს, რომელსაც არანაირი გეგმა და ხედვა არ გააჩნია

ჩვენ ვუსმენდით ძალიან ღარიბი ქვეყნის ფინანსურ მენეჯერს, რომელსაც არანაირი გეგმა და ხედვა არ გააჩნია, რაც ყველაზე მთავარია, არ აქვს პასუხი კითხვაზე, თუ რატომ ვართ ღარიბი ქვეყანა ამდენი წლის განმავლობაში, - ასე შეაფასა ფრაქცია „ლელო- პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის გამოსვლა.

მისი თქმით, ამ მმართველობის პირობებში, საქართველოს ეკონომიკას აღდგენა არ უწერია.

„დღეს ჩვენ გვქონდა შეხვედრა ფრაქციაში „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“. მოვისმინეთ ფინანსთა მინისტრის მოადგილის მოხსენება. დასკვნა არის ის, რომ ჩვენ ვუსმენდით ძალიან ღარიბი ქვეყნის ფინანსურ მენეჯერს, რომელსაც არანაირი გეგმა და ხედვა არ გააჩნია, რაც ყველაზე მთავარია, არ აქვს პასუხი კითხვაზე, თუ რატომ ვართ ღარიბი ქვეყანა ამდენი წლის განმავლობაში, რაც ეს ხელისუფლება მართავს ჩვენს ქვეყანას. მათ არ გააჩნიათ ხედვა.

ამ მენეჯმენტის და ამ მმართველობის პირობებში, საქართველოს არ უწერია არანაირი გარღვევა არც ფინანსური, არც სიღარიბის დაძლევის ფრონტზე, არც უმუშევრობის დაძლევის და ბიზნესის გაუმჯობესების ფრონტზე. ამ კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ. სიტუაცია არის ზუსტად იგივე, რაც იყო 1 და 2 წლის წინ“,-განაცხადა ხაზარაძემ.

მისი შეფასებით, ხელისუფლება უუნაროა.

„ეს ხელისუფლება, რომელიც 9 წლის გამავლობაში ჩვენს ქვეყანს მართავს, არის უუნარო და მათ ხელში ქვეყანას არანაირი სერიოზული წინსვლა არ ელოდება. ესენი შეგუებულები არიან, რომ პანდემიის შემდეგ 5%-იანი ზრდა გვექნება და ამით კმაყოფილები არიან. ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით 30-40 წელი ასე თუ გაგრძელდა, ამ ტემპით ყველაზე ღარიბი ქვეყნიდან საქართველო შეიძლება გახდეს დღევანდელი ბულგარეთის მსგავსი ეკონომიკის. ამ ქვეყანას უშველის მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების შეცვლა, მხოლოდ და მხოლოდ პროპორციული არჩევნები და კოალიციური მთავრობა“, - განაცხადა ხაზარაძემ.