IKEA საფრანგეთის სასამართლომ ჯაშუშური საქმიანობისთვის მილიონი ევროთი დააჯარიმა

საფრანგეთის სასამართლომ დღევანდელი განჩინებით ავეჯის მაღაზიათა ქსელ IKEA-ს ფრანგ თანამშრომლებზე ჯაშუშობის გამო მილიონი ევროს (1,21 მლნ დოლარის) ჯარიმის გადახდა დააკისრა. შვედური კომპანია IKEA თანამშრომლების მონაცემთა არასათანადო შეგროვება-შენახვისთვის სცნეს დამნაშავედ.

კომპანიის საფრანგეთის ფილიალი რამდენიმე წლის განმავლობაში თანამშრომლების თვალთვალსა და საბანკო ანგარიშებზე ჩანაწერების გამოყენებით, მათი პირადი ცხოვრების კონფიდენციალურობის დარღვევაში დაადანაშაულეს. გარდა ამისა, კომპანია ე.წ. შეგზავნილ თანამშრომლებს იყენებდა, რათა მათ პერსონალზე ანგარიში შეედგინათ.

საფრანგეთის პროკურატურა ჯარიმის სახით 2 მლნ ევროს დაკისრებას პრინციპულად მოითხოვდა. IKEA, რომლის მფლობელიც Ingka Group-ია, აცხადებს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას გადახედავს, არის თუ არა საჭირო დამატებითი ზომების მიღება მას შემდეგ, რაც თვალთვალის ტაკტიკის აღმოფხვრისთვის კომპანიამ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა.

„IKEA Retail France-მა მტკიცედ დაგმო ასეთი პრაქტიკა, მოიბოდიშა და ქმედებების დიდი გეგმის რეალიზება დაიწყო, რათა მსგავსი რამ აღარ გამეორდეს,“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

IKEA Retail France-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ჟან-ლუი ბაიო, ასევე, დამნაშავედ იქნა ცნობილი და თავისუფლების 2-წლიანი პირობითი აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, მოსამართლეებმა პირადი მონაცემების უკანონოდ მოპოვება-შენახვისთვის ჟან-ლუი ბაიოს ჯარიმის სახით 50 000 ევროს გადახდა დააკისრეს.

ბრალდება 2009-2012 წლების პერიოდს ეხება, თუმცა პროკურატურა ამტკიცებდა, რომ IKEA Retail France ჯაშუშურ ტაქტიკას 2000-იანი წლების დასაწყისიდან იყენებდა. ბრალდება, ასევე, წაუყენეს რამდენიმე მაღაზიის მენეჯერსა და კადრების განყოფილების ზოგიერთ თანამშრომელს, კერძო დეტექტივსა და პოლიციის ოფიცრებს. IKEA რამდენიმე მყიდველზე თვალთვალშიც დაადანაშაულეს.

2012 წელს, როცა დანაშაული გამოაშკარავდა, კომპანიამ რამდენიმე მენეჯერი დაითხოვა და თავის შიდა პოლიტიკას გადახედა. IKEA თანამშრომლების ფინანსებისა და პირადი ცხოვრების გადამოწმებისთვის, მათ მონაცემებს იყენებდა. ამ ბრალდებას კომპანია აღიარებს, თუმცა ფართოდ გავრცელებული ჯაშუშური სისტემის არსებობას უარყოფს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ