,,მთავრობამ ყველაზე მთავარი, რაც ტურისტულ სექტორთან დააშავა, მცდარი მოლოდინების შექმნაა“ - ,,ჰელისკი ჯორჯია“

,,წელიწადნახევარია ვებრძვით კოვიდს და ამ დროში უნდა გვესწავლა სწორი ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ ვხედავთ, რომ ნაბიჯები იდგმება მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე“- ამის შესახებ, რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანისუსი“ გადაცემაში საქმე ,,ჰელისკი ჯორჯიას“ ხელმძღვანელმა განაცხადა.

ვატო ასათაშვილის თქმით, ჩვენი ტურიზმი 2019 წელთან შედარებით მხოლოდ 12%-ით აღდგა.

,,ჩვენ თუ გადავხედავთ ბოლო 5 თვის სტატისტიკას და შევადარებთ 2019 წელს, აღმოჩნდება, რომ ჩვენი ტურიზმი აღდგა მხოლოდ 12%-ით. უნდა აღვნიშნო, რომ არ შეიძლება ქვეყანა გქონდეს ჩაკეტილი და მხოლოდ შიდა ტურიზმისთვის იყოს გახსნილი. ამის მაგალითი, თუ რა მოსდევს ასეთ არათანმიმდევრულ ნაბიჯებს, გასულ წელს ვნახეთ.

მთავრობამ ყველაზე მთავარი, რაც ტურისტულ სექტორთან დააშავა, მცდარი მოლოდინების შექმნაა. ჩვენ წელიწადნახევარია ვებრძვით კოვიდს და ამ დროში უნდა გვესწავლა სწორი ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ ვხედავთ, რომ ნაბიჯები იდგმება, მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე. მარტივ მაგალითს გეტყვით - აპრილში თენგიზ ცერცვაძე ამბობდა, რომ საზღვრები არ გაიხსნებოდა მანამ, სანამ 30%-ზე არ ავიდოდა ვაქცინაციის მაჩვენებელი. რეალურად კი, ერთ დღეს გავიგეთ, რომ 2 კვირაში იხსნება საზღვარი. ამ ვითარებაში, შეუძლებელია რამე გათვლა გააკეთო.

მე შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ ბოლო თვეების პროგნოზიც კი არ შეიძლება გაკეთდეს. უპირველეს ყოვლისა, უნდა არსებობდეს, მოკლე და საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმები. აქ საუბარი არ არის 10 და 5-წლიან გეგმაზე. საუბარია 6-დან 18-თვემდე კონკრეტულად გაწერილ გეგმაზე“- განაცხადა ასათაშვილმა ,,საქმეში“.

თამარ მუკბანიანი