რუსეთში სავალუტო კატასტროფა დაიწყო

სავაჭრო ობიექტები ფასების ცვლას ვერ აუდიან

რუსეთის სავალუტო ბირჟაზე ისევ პანიკაა. მიუხედავად ცენტრალური ბანკის მიერ ძირითადი საპროცენტო განაკვეთის 10,5%-დან 17%-მდე გაზრდისა, რუბლის კურსმა გუშინ მორიგი კატასტროფა განიცადა. ”შავ სამშაბათს” ერთმა დოლარმა - 80 რუბლს, ევრომ კი 100 რუბლს მიაღწია. სავალუტო გადამცვლელ პუნქტებში ევროსა და დოლარის დეფიციტია, კომერციული ბანკები კი კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთების გაზრდისთვის ემზადებიან. რუსეთის ცენტრალური ბანკი საფინანსო ბაზარზე არსებულ სიტუაციას კრიტიკულად აფასებს.

გუშინვე ”ბრენტის” ტიპის ნავთობზე ფასი 60 დოლარს ჩამოცდა, ”ლაითის” მარკის ტეხასური ნავთობის ფასი კი 55 დოლარამდე დაეშვა. ამ დროს კი, როგორც რუსული მედია წერს, საზოგადოებაში უკმაყოფილება დღითიდღე მატულობს. ქვეყანა, პრაქტიკულად, დეფოლტისა და სახალხო მღელვარების საფრთხის წინაშე დგას. კურსის ცვალებადობის გამო სავაჭრო ობიექტები ფასების ცვლას ვერ აუდიან. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში უცხოურ ვალუტაში ვაჭრობა კანონით აკრძალულია, ზოგიერთმა მაღაზიამ პროდუქციის გაყიდვა უკვე დოლარში დაიწყო.

”შავი ორშაბათის” შემდეგ მოსკოვის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე გუშინ ”შავი სამშაბათი” დადგა. რუბლის კურსი იმდენად სწრაფად ეცემოდა, რომ ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოები ცნობების განახლებას ვერც ასწრებდნენ. ვაჭრობის დაწყებიდან რამდენიმე წუთში ევრო და დოლარი კიდევ უფრო გამყარდა და დღის მეორე ნახევარში ევრომ 92 რუბლს, დოლარმა კი - 74 რუბლს მიაღწია. უფრო მოგვიანებით ევროს კურსმა 100 რუბლს გადააჭარბა, დოლარმა კი - 80 რუბლს მიუკაკუნა. გუშინდელი ვარდნა დენომინირებული რუბლისათვის უპრეცედენტოა. რუსული ვალუტის მსგავსი მასშტაბის გაუფასურება 1998 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა.

რუსეთის ცენტრალური ბანკის 17 დეკემბრის რუბლის ოფიციალური კურსი კი დოლართან მიმართებაში 61,15-ია, ევროსთან - 76,15. რუბლის გუშინდელი რეკორდული ვარდნა ვერ შეაჩერა ვერც ცენტრალური ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს მიერ აუქციონზე გასაყიდად გამოტანილმა 10 მლრდ დოლარმა და ვერც ცენტრალური ბანკის 700 მლნ-იანმა სავალუტო ინტერვენციამ. ევროსა და დოლარის გამყარებას ხელი ვერ შეუშალა ვერც ძირითადი საპროცენტო განაკვეთის 10,5%-დან 17%-მდე ზრდამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ძირითადი სპაროცენტო განაკვეთი 17%-მდე გაზარდა. როგორც ”როიტერი”, ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით წერს, ეს გადაწყვტეილება განპირობებული და მიმართულია ბოლო დროს მკვეთრად გაზრდილი დევალვაციური და ინფლაციური რისკის შეზღუდვისკენ.

ძირითადი საპროცენტო განაკვეთის ზრდას რუსეთში მკვეთრი უკმაყოფილება მოჰყვა. რუსეთის ბიზნესომბუდსმენმა ბორის ტიტოვმა ცენტრალური ბანკის ამ გადაწყვეტილებას ჩიხი უწოდა. მისი თქმით, განაკვეთის 17%-მდე გაზრდა ეკონომიკის განვითარებაზე აისახება და რუბლის ამ მეთოდით შველა არაგონივრულია.

”თუ ჩვენ პრეზიდენტის მიმართვაში მოვისმინეთ იმის შესახებ, რომ აუცილებელია ბიზნესის, ახალი ტექნოლოგიების, ინვესტიციების და იმპორტის შემცვლელების განვითარება, ცენტრალური ბანკის ახალი გადაწყვეტილება ყველაფერი ამის საწინააღმდეგოა”, - განაცხადა ტიტოვმა და დაამატა, რომ დღეს რეალური საკრედიტო განაკვეთი 20%-ზე მეტია. ამიტომ ნებისმიერი პროექტი 20%-ზე მეტად კონკურენტუნარიანი უნდა იყოს, ვიდრე, მაგალითად, იმპორტიორის. რუსეთის ბიზნეს-ომბუდსმენმა ასევე განაცხადა, რომ რუბლის დევალვაციამ იმპორტთან კონკურენციის საშუალება შექმნა, ვინაიდან იმპორტი ძვირდებოდა. ”ეს ნიშა ჩვენ დავკარგეთ... ეს ჩიხია. ეკონომიკის განვითარება აღარ იქნება”, - განაცხადა ბორის ტიტოვმა.

ექსპერტები კი აცხადებენ, რომ თუ ცენტრალური ბანკი რადიკალურად არ ჩაერევა, სიტუაცია მალე უკონტროლო გახდება, რის შემდეგაც ბიზნესიც და მოსახლეობაც რუბლიდან დოლარებზე გადავა. ეროვნულმა ბანკმა თავისი უმოქმედობით რუბლის დევალვაცია დაუშვა. ანალიტიკოსი ანდრეი კოჩეტკოვი აცხადებს, რომ თუ აქამდე ხელისუფლება რუბლს სიტყვებით მაინც უჭერდა მხარს, ახლა ბაზარს მიანიშნებს, რომ შექმნილ სიტუაციაში რუბლის დევალვაცია ყველას აწყობს.

საინვესტიციო ჯგუფის ”მოსკოვსკიე პარტნიორების”  პრეზიდენტი ევგენი კოგანი ამბობს, რომ საფონდო ბაზარი ”სადღესასწაულოდ მოკვდება მინიმუმ ნახევარი წლით. ლიკვიდურობა საბოლოოდ გაქრება”.

განაკვეთის 17%-მდე გაზრდას კი საბანკო სისტემის დასასრულს უწოდებენ ბანკების ტოპ-მენეჯერები. მათი აზრით, ეს ნიშნავს, რომ ბანკები კომპანიებს კრედიტებს 20%-მდე გაუძვირებენ, ეკონომიკა კი ასეთი განაკვეთის პირობებში, უბრალოდ, ვერ იმუშავებს. რეალური სექტორისთვის ეს სიკვდილის ტოლფასია.

2015 წლის პირველ კვარტალში ბანკები ერთიმეორის მიყოლებით ”დაეცემა” - ასეთია მცირე საფინანსო ინსტიტუტების მენეჯერთა პოზიცია. როგორც ისინი რუსულ მედიასთან საუბრისას აცხადებენ, მოხდება მსესხებელი კომპანიების დეფოლტი, ბანკების აქტივების ხარისხი მკვეთრად დაეცემა, ეს კი გაართულებს ლიკვიდურობის პრობლემას. ბანკების წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ ყველას ეშინია ვალუტის გაყიდვის.

”როდესაც ცენტრალური ბანკი ვალუტას დღეში 10%-ზე მეტად გაუფასურების საშუალებას აძლევს, სრულიად ნათელია, რომ მარეგულირებელმა კონტროლი დაკარგა”, - ამ განცხადებას ”სტანდარტ ბანკის” ანალიტიკოსი ტიმ ეში აკეთებს. გუშინვე, დღის ბოლოს, საფინანსო ბაზარზე არსებული სიტუაცია რუსეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის პირველმა მოადგილე სერგეი შვეცოვმა კრიტიკულად შეაფასა. ”იმას, რაც დღეს ხდება, ერთი წლის წინათ ყველაზე საშინელ სიზმარშიც კი ვერ ვნახავდით. კრიზისის მართვის გამოცდილება, რომელიც ცენტრალურ ბანკს აქვს, დაგვეხმარება, რომ მძიმე პერიოდში გადავრჩეთ”, - აცხადებს შვეცოვი.

ადგილობრივ მედიაში სიტყვა ”დეფოლტი” და ”1998 წელი” სულ უფრო ხშირად ჩნდება. შეგახსენებთ, რომ იმ პერიოდში ნავთობზე ფასი ყოველდღიურად ეცემოდა და ბოლოს 10 დოლარს გაუტოლდა, რის შემდეგაც რუსეთის ეკონომიკა ჩამოიშალა, ქვეყანამ დეფოლტი გამოაცხადა, რუბლი კი დოლართან შედარებით 4-ჯერ გაიაფდა. დღესაც ნავთობზე ფასი, პრაქტიკულად, ყოველდღიურად მცირდება. გუშინ ”ბრენტის” მარკის ნავთობზე ბარელის ფასმა 58,84 დოლარი შეადგინა, ”ლაითის” მარკის ტეხასური ნავთობის ფასი კი 55 დოლარამდე დაეშვა.

”ბლუმბერგთან” საუბრისას ექსპერტები ”ბრენტის” ნავთობის ფასის 50 დოლარამდე გაიაფებას ვარაუდობენ. მათივე გათვლებით, გაიაფება იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე მიწოდება მოთხოვნაზე მაღალი იქნება. დღემდე ნავთობის ფასის შემცირების ძირითადი მაპროვოცირებელი რუბლის კურსის დაცემაა.

ელზა წიკლაური

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”