ავიაკომპანია Emirates-მა პირველად 30 წლის განმავლობაში ფინანსური წელი ზარალით დაასრულა

ავიაკომპანია Emirates-მა სახელმწიფოსგან 1,1 მლრდ დოლარის დამატებითი ფინანსური დახმარება მიიღო. საერთაშორისო რეისების ავიაკომპანია კრიზისს განიცდის და პირველად 3 ათწლეულის განმავლობაში ფინასნური წელი სრული დანაკარგით დაასრულა. ავიაკომპანიის დღევანდელ განცხადებას სააგენტო Reuters ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, წლიურმა ზარალმა 5,5 მლრდ დოლარი შეადგინა მაშინ, როცა წინა ფინანსური წელი ავიაკომპანიამ 288 მლნ დოლარის მოგებით დაასრულა. წლიური შემოსავლები 66%-ით, 8,4 მლრდ დოლარამდე შემცირდა.

Emirates სახელმწიფო ავიაკომპანიაა და გასულ წლის კორონაპანდემიის დროსაც მის სააქციო კაპიტალში სახელმწიფომ 2 მლრდ დოლარი „ჩაასხა.“

„სახელმწიფო ჩვენი ერთადერთი აქციონერია და იმ ავიაკომპანიის მხარდაჭერას განაგრძობს, რომელმაც ბოლო 3 ათწლეულში დუბაი მსხვილ ტურისტულ ცენტრად გადააქცია,“ - ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.

მისი პარტნიორი Qatar Airways-ია, რომლემაც სახელმწიფო მფლობელისგან, ასევე, 3 მლრდ დოლარი მიიღო. Emirates-სა და Qatar Airways-ს შიდა ბაზარი არ გააჩნიათ, რომელიც მათთვის ჩაკეტილი საზღვრების გამო მდგომარეობის შემსუბუქებას შეძლებდა. Reuters-ის შეფასებით, ვაქციანაციის ტემპი საერთაშორისო ავიარეისების სრული აღდგენისთვის საკმარისად სწრაფი არ არის. Emirates-ის წარმომადგნელმა, შეიხ ახმედ ბინ საიდ ალ მაკტუმმა სააგენტოს განუცხადა, რომ საერთაშორისო ავიახაზების აღდგენის პროცესი არაერთგვაროვანი იქნება და ჯერ არავის შეუძლია პროგნოზირება, თუ როდის დასრულდება დარგის ურთულესი კრიზისი.

წლიური ზარალი პირველი იყო ავიაკომპანიისთვის 1987-88 ფინანსური წლის შემდეგ. გასული წლის მგზავრების მცირე რაოდენობაც, რომელიც სულ 6,6 მილიონ ადამიანს შეადგენდა, ბოლო 20 წლის მაჩვენებლებში ყველაზე დაბალია. Emirates-ის მონაცემებით, გასულ წელს სამგზავრო ადგილების მხოლოდ 44, 3% შეივსო მაშინ, როცა წინა ფინანსური წლის საშუალო მაჩვენებელი 78,4% იყო.

წინა წლებთან შედარებით, ტევადობა 82,6%-ით შემცირდა. ოპერაციებს Boeing 777 მოდელის 146 თვითმფრინავი ახორციელებდა, რომლის 19 თვითმფრინავიდან მგზავრების სავარძლები ტვირთების გადაზიდვის მიზნით ამოიღეს, რადგან პანდემიის დროს ტვირთბრუნვა გაიზარდა, მგზავრთა რაოდენობა კი მნიშვნელოვნად შემცირდა. Emirates-ის კუთვნილი Airbus A380 მოდელის 113 თვითმფრინავიდან უმრავლესობა გაჩერებულია. ამათგან 4 თვითმფრინავი ექსპლუატაციიდან გასულია.

Emirates Group ჰოლდინგური ავიაკომპანიაა, რომლის შემადგენლობაშიც სხვა ავიაციური და ტურისტული აქტივებია. მისი შემოსავლები 65,8%-ით, 9,7 მლრდ დოლარამდე შემცირდა. ჰოლდინგის წლიური ზარალი 6 მლრდ დოლარია, რაც მის ისტორიაში პირველად მოხდა. Emirates Group-ის პერსონალი 30,8%-ით ანუ 20 000 სამუშაო ადგილით შემცირდა. ჰოლდიგში ამჟამად 75 145 ადამიანი მუშაობს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ