ბიტკოინების მოპოვებაზე წელიწადში 97,9 ტერავატ-საათი ელექტროენერგია იხარჯება - რა გავლენა აქვს მაინინგს ეკოლოგიაზე

9 ივნისს, მასაჩუსეტსის სენატორმა ელიზაბეტ უორენმა კომიტეტში მოსმენისას ბიტკოინი გააკრიტიკა.

”ბიტკოინის მოპოვება მოითხოვს იმდენ კომპიუტერულ აქტივობას, რომ იგი მეტ ენერგიას ხარჯავს, ვიდრე მთელი რიგი ქვეყნები. კლიმატის კრიზისთან ბრძოლისთვის ყველაზე მარტივი, რისი გაკეთება შეგვიძლია, ეს არის კრიპტოვალუტების აღკვეთა ”, - დაწერა უორენმა მოსმენის შემდეგ ტვიტერზე. ის არ არის პირველი, ვინც კრიპტოვალუტის ფერმებს აკრიტიკებს და მათ მეპატრონეებს გარემოს ზიანის მიყენებაში ადანაშაულებს.

როგორც Forbes-ი წერს, უორენის “ტვიტზე“ ქსელის მომხმარებლებმა რეაგირება მოახდინეს. მათ გამოაქვეყნეს ნახატები დიაგრამებით, თუ რამდენ ელექტროენერგიას მოიხმარს ეს სისტემა და ასევე დაწერეს, რომ ბიტკოინი არის ელექტროენერგიის წარმოებისას, ეკოლოგიური მეთოდების განვითარების წამყვანი გზა.

2021 წლის მაისში „ტესლას“ აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა კრიპტოვალუტის გარემოზე გავლენის გამო შეშფოთება გამოთქვა. მან აღნიშნა, რომ კომპანია აჩერებს ელექტრომობილების ბიტკოინებით ყიდვის ექსპერიმენტს. მიზეზი კი მათი მოპოვების არაეკოლოგიური გზებია.

მისივე თქმით, კრიპტოვალუტა კარგი იდეაა, მაგრამ გარემოს ის ძვირი უჯდება. თუმცა, იმავე დროს, თებერვალში, „ტესლამ“ ბიტკოინები 1.5 მილიარდ დოლარად შეიძინა. მან პირობა დადო, რომ მის ავტომობილებს კრიპტოვალუტით მაშინ გაყიდდა, როდესაც მაინინგი ეკოლოგიურად სუფთა გახდებოდა.

მართლაც საინტერესოა, რა გავლენას ახდენს მაინინგი გარემოზე?

ბიტკოინის მზარდი ფასი, ხელს უწყობს “ფერმერებს“, რომ კიდევ უფრო მეტი კომპიუტერი აამუშაონ. რაც უფრო მეტი კომპიუტერი მუშაობს, მით მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ ისინი. აღსანიშნავია ისიც, რომ გამოთვლების სირთულის ზრდის გამო, ბიტკოინის მოპოვების სიჩქარე ყოველდღიურად მცირდება. ბოლო ერთი ან ორი წლის განმავლობაში კრიპტოვალუტებზე ფასების მკვეთრი ზრდით, მათი პოპულარობა გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ მაინინგის პროცესში უფრო და უფრო მეტი გამომთვლელი ძალა მონაწილეობს და, შესაბამისად, ენერგიის მოხმარება იზრდება.

კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერების თანახმად, ბიტკოინების მოპოვებაზე წელიწადში 97,9 ტერავატ-საათი ელექტროენერგია იხარჯება. ეს უფრო მეტია, ვიდრე ფილიპინების (93,3 ტერავატი-საათში) და ყაზახეთის (91,7 ტერავატი-საათის) მოხმარება წელიწადში. ჯერ კიდევ 2018 წელს, ენერგიის მოხმარება ბიტკოინის მოპოვებისთვის მთლიანი მოცულობის თითქმის 0,5% იყო.

მსოფლიოში უკვე არსებობს ეკოლოგიურად სუფთა კრიპტოვალუტის მოპოვების ვარიანტები: ისლანდიაში არის სამთო მეურნეობა Genesis Mining Enigma, რომელიც მხოლოდ სვარზენგის ელექტროსადგურის გეოთერმული ენერგიით მუშაობს. ეს ელექტროსადგური ენერგიას აწვდის ისლანდიის ყველა ფერმერს - ისინი უფრო მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ, ვიდრე მთელი ქვეყნის მცხოვრებლები თავიანთ სახლებში.

დღეის მდგომარეობით, ბიტკოინის ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივის შექმნაზე საუბარი ნაადრევია. რადგან რამდენიმე სახის მცდელობის მიუხედავად, მსოფლიო აღიარება ალტერნატიულ ელექტრონულ ვალუტებს ჯერ არ მოუპოვებიათ.

თეონა რამაზაშვილი