„ტურიზმის სექტორი აქტიურადაა ჩართული ვაქცინაციის პროცესში, ცოტა ხნით ვაქცინების დეფიციტიც კი შეიქმნა“

„ვაქცინაციის პროცესში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები საკმაოდ აქტიურობენ“, - ასე გამოეხმაურა სასტუმროების ასოციაციის ხელმძღვანელი შალვა ალავერდაშვილი ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას მოწოდებას, რომ ტურიზმის სფეროში დასაქმებულმა ადამიანებმა, უფრო აქტიურად ისარგებლონ პრიორიტეტული ვაქცინაციის უფლებით.

„ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით, როდესაც ტურიზმის ადმინისტრაციამ შესაბამისი საიტი შექმნა, მხოლოდ 1 დღეში 3 ათასამდე განაცხადი შევიდა. ამ 3 ათასიდან თავიდან რამდენიმე ასეულმა გაიკეთა ვაქცინა, მერე ცოტა ხნის პერიოდში, დაახლოებით, 1 კვირა ვაქცინების დეფიციტიც კი შეიქმნა, ხოლო ახლა ისევ გაგრძელებულია და საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი. სექტორი აქტიურადაა ჩართული, თითქმის ყველა იძახის რომ პერსონალი მაქსიმალურად იცრება,“-აღნიშნა ალავერდაშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“.

თაია არდოტელი