რომან გოცირიძე - 9 მილიონ ლარად 9 ნობელის პრემიის ლაურეატს დავიქირავებდით და 9 წლის განმავლობაში გამოჩენილი ფინანსთა მინისტრი გვეყოლებოდა

9 მილიონ ლარად 9 ნობელის პრემიის ლაურეატს დავიქირავებდით და 9 წლის განმავლობაში გამოჩენილი ფინანსთა მინისტრი გვეყოლებოდა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ, 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გასული წლის ბიუჯეტის შემოსავლების თითქმის ნახევარი ვალებით იყო ფორმირებული და მით უფრო საგანგაშოა პანდემიის კრიზისის დროს მისი არაეფექტიანი გამოყენება და ზოგ შემთხვევაში, პირდაპირი ფლანგვა.

"როგორც აუდიტის სამსახურის დასკვნიდან ვიგებთ, 2020 წელს დაგეგმილზე 5.1 მლრდ ლარით მეტის სესხება მოუწია ქვეყანას. შედეგად ქვეყნის საგრეო ვალმა მშპ-სთან მიმართებაში 2002 წლის შემდეგ პირველად სახიფათო 60%-იან ზღვარს გადააჭარბა. პრობლემები შეიქმნა ნასესხები თანხების ათვისებაშიც. გეგმის ჩამორჩენისა და შეუსრულებელი ვალდებულებების გამო, საქართველოს დამატებით 9.6 მლნ ლარის გადახდა მოუწია ჯარიმის სახით. გასულ წელსაც ანალოგიურად დაიკარგა 4 მილიონ ლარზე მეტი. 14 მილიონი ლარით დაგვაჯარიმეს მხოლოდ ბოლო ორ წელიწადში. ვინმემ აგო ამაზე პასუხი?! პირიქით, ალბათ, პრემიებიც და დანამატებიც ექნებათ გამოწერილი", - განაცხადა რომან გოცირიძე.

2020 წელს მიღებული კრედიტებიდან აუთვისებელი თანხების გამო საქართველოს ჯამში 9.6 მლნ ლარის ვალდებულების გადასახადის გადახდა მოუწია, რაც 2019 წლის მაჩვენებელს თითქმის 2-ჯერ აღემატება.