თბილისის მერია და ახლადდაარსებული საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელი „აქსელი“ პირველ Pitch Day-ს უმასპინძლებენ

თბილისში 24 ივნისს პირველი Pitch Day-ი გაიმართება. შეხვედრის ორგანიზატორია ახლადდაარსებული საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელი „აქსელი“. პროექტი კი დედაქალაქის მერიასთან პარტნიორობით ხორციელდება.

ცნობისათვის, საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელი „აქსელი“ სტარტაპ ბიურომ და კედარი ვენჩერსმა დააფუძნეს. ქსელი მიზნად ისახავს, დააჩქაროს საქართველოს ტექნოლოგიური სტარტაპების ეკოსისტემის განვითარება ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე ქართველი მეწარმეებისთვის ინვესტიციების მიწოდების უზრუნველყოფით.

პირველ Pitch Day-ზე, რომელიც 24 ივნისს გაიმართება, დასასწრებად თბილისს ეწვევიან ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვას ანგელოზ ინვესტორთა ქსელების წევრები. ვიზიტის მიზანია საქართველოში ანგელოზი ინვესტორების კულტურის გაძლიერება და თბილისის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაცია, ინვესტორების დაინტერესების და ადგილობრივი ბიზნესისთვის დამატებითი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნის საშუალებით.

პროექტი ხორციელდება თბილისის მერიასთან პარტნიორობით. ღონისძიების მხარდამჭერები არიან თიბისი ბიზნესისთვის და პროგრამა „სტარტაპერი“.

Pitch Day-ში მონაწილეობის მისაღებად ქართულმა ტექნოლოგიურმა სტარტაპებმა უნდა გააკეთონ განაცხადი შემდეგი ბმულის გამოყენებით: https://forms.gle/2fcw4AsyDuVVCP74A

ხოლო აქსელის წევრობით და Pitch Day-ში მონაწილეობით დაინტერესებულმა ინვესტორებმა უნდა შეავსონ შემდეგი ფორმა: https://axelnetwork.org

სტარტაპ ბიუროს შესახებ

სტარტაპ ბიურო ქართული სტარტაპ ეკოსისტემის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს კერძო თუ საჯარო სექტორებთან, რათა მათი ჩართულობით წარმატებით დანერგონ ქვეყანაში ჰაკათონები, ბიზნეს ბანაკები, პრე-აქსელერაციისა და აქსელერაციის პროგრამები, ტრენინგები, კონფერენციები და სხვა უნარ-ჩვევებისა თუ შესაძლებლობების განვითარების პროგრამები მეწარმეებისთვის, ინოვატორებისა და შემოქმედებისათვის.

კედარი ვენჩერსის შესახებ

კედარი ვენჩერსი ვენჩურული კაპიტალის ფონდია, რომლის დანიშნულებაა შექმნას, მოიძიოს და განავითაროს ციფრული პლატფორმები, რომლებიც უმარტივებს ცხოვრებას ადამიანებს და გააჩნია გლობალურ ბაზარზე განვითარების შესაძლებლობა. დღესდღეობით „კედარი“-ს სწრაფად მზარდი პორტფელი 15 კომპანიას აერთიანებს და ზრუნავს მათ ფართომასშტაბიან პროექტებად გარდაქმნაზე.

კედარი ვენჩერსი ასევე აქტიურად მუშაობს ქვეყანაში ელექტრონული კომერციის ეკოსისტემის განვითარებაზე და სწორედ ამიტომ, პორტფელის დიდი ნაწილი სწორედ მომხმარებლის ელექტრონული კომერციის ჯაჭვის სხვადასხვა რგოლში მომუშავე კომპანიებისგან შედგება.