ირაკლი კოვზანაძე აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს - რატომ შემცირდა აუდიტის შედეგად გამოვლენილი დარღვევების თანხობრივი მოცულობა?

რატომ შემცირდა აუდიტის შედეგად გამოვლენილი დარღვევების თანხობრივი მოცულობა?- ამ კითხვით მიმართა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს ირაკლი მექვაბიშვილს კომიტეტის სხდომაზე, სადაც 2020 წლის აუდიტის ანგარიშს ისმენენ.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, 2020 წელს საქმიანობის შედეგად 2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა ნაერთი ბიუჯეტის დაფარვის მაჩვენებელი და მან შეადგინა 89% (თანხობრივად 13.8 მლრდ ლარზე მეტი), რაც კარგია, მაგრამ ამავდროულად, წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად, თითქმის 2-ჯერ, 35 მლნ ლარამდე (2019 წ. 68 მლნ ლარი; 2018 წ. 66 მლნ ლარი) შემცირდა აუდიტის შედეგად გამოვლენილი დარღვევების ჯამური მოცულობა.

"რამ გამოიწვია გამოვლენილი დარღვევების თანხობრივი მოცულობის შემცირება - იმით, რომ ორგანიზაციები უკეთ და უფრო ეფექტურად მუშაობენ, გადაცდომებმა იკლო, თუ იკლო აუდიტორების კვალიფიკაციამ, მონდომებამ და შემართებამ?" - მიმართა კითხვით ირაკლი კოვზანაძემ გენერალურ აუდიტორს.

ამ წუთებში პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშს უსმენენ.