Morgan Stanley - ციფრული ევრო ბანკებს მოხმარებელთა დეპოზიტების 8%-ს წაართმევს

Morgan Stanley-ის ანალიტიკოსების შეფასებით, ციფრული ევრო ევროზონის ბანკებს მომხმარებელთა დეპოზიტების 8%-ს წაართმევს, თუმცა ამ ზონის ზოგიერთ პატარა ქვეყანაში ეს წილი შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

„მოელიან, რომ უახლოეს თვეებში ევროპის ცენტრალური ბანკი ციფრულ ევროზე მუშაობას დააჩქარებს. მართალია, ოფიციალურ ჩაშვებას შეიძლება, რამდენიმე წელი დაჭირდეს, მაგრამ ეკონომისტები ციფრული ევროს პოტენციური გავლენის სფეროებს უკვე განიხილავენ. მსოფლიო ბანკების 90% ციფრულ ვალუტის ჩაშვებაზე მუშაობს. მთავარი საკითხია, ხომ არ მოახდენს ციფრული ვალუტა მსხვილი ბანკების ანგარიშებზე განთავსებული ნაღდი ფულის „კანიბალიზაციას,“ - წერს სააგენტო.

Morgan Stanley-ის ანალიტიკოსების დასკვნა დაფუძნებულია ე.წ.დათვის საქმის სცენარზე. ამ სცენარით, ევროპის ცენტრალური ბანკის პოლიტიკოსებმა და ბაზრის ექსპერტებმა თანხის ზედა ზღვარი, 3 000 ევრო (3 637 დოლარი ) დაადგინეს, რაც ევროზონის 15 წელზე მეტი ასაკის ყველა მოქალაქემ „ციფრულ საფულეში“ უნდა გადარიცხოს.

„ეს თეორიულად ევროზონის მთლიან დეპოზიტებს 873 მლრდ ევროთი ანუ 8%-ით შეამცირებს, რაც მოსახლეობის შინადანაზოგითა და არაფინანსური კორპორაციების დეპოზიტებით განისაზღვრება,“ - აცხადებენ Morgan Stanley-ის ანალიტიკოსები.

ისინი ვარაუდობენ, რომ ევროზონის ბანკების დეპოზიტთან სესხის მიმართების საშუალო კოეფიციენტი (loan-to-deposit ratio-LDR) 97% -დან 105% -მდე გაიზრდება, თუმცა მთლიანობაში ბანკები ამას „ნაკლებად შეამჩნევენ," რადგან LDR ისედაც 105%-ს შეადგენდა 2019 წლის ბოლომდე, ვიდრე კორონავირუსმა დანაზოგები არ გაზარდა.

Morgan Stanley-ის შეფასებით, პატარა ქვეყნებში, მაგალითად, ლიეტუვაში, ლატვიაში, ესტონეთში, სლოვაკეთში, სლოვენიასა და საბერძნეთში ბანკებმა, შესაძლოა, საშუალოზე მეტი ზარალი მიიღონ.

„ამ ქვეყნებში 3000 ევროს შენატანებზე კონვერტაცია მთლიანი დეპოზიტების 17%-30%-ის კონვერტაციისა და მოსახლეობის შინადანაზოგის 22%-51%-ის კონვერტაციის ექვივალენტური იქნებოდა. თუმცა ასეთ მსხვილ შენატანებზე გადასვლა ნაკლებად სავარაუდოა. თუკი დავუშვებთ, რომ ადამიანები უარს იტყვიან თავისი დანაზოგების 12%-ზე მეტი თანხის კონვერტირებაზე, რაც ევროზონისთვის 3000 ევროს შეადგენს, მაშინ საერთო საბანკო დეპოზიტებზე გავლენა 10%-ზე მეტი არ იქნება. საშუალოდ, 8% უნდა ვიგულისხმოთ,“ - აცხადებენ ექსპერტები.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ