სლოვენიაში ეპიდემიის დასრულება ოფიციალურად გამოცხადდა

სლოვენიის ჯანდაცვის სამინისტრომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქვეყანაში COVID-19-ის ეპიდემია დასრულდა. ინფორმაციას ბალკანური სააგენტო IBNA ავრცელებს.

ანგარიშის მიხედვით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გაკეთებულმა PCR ტესტებმა კორონავირუსის მხოლოდ 112 შემთხვევა გამოავლინა, რაც 2-მილიონიანი მოსახლეობის ქვეყანაში დადებითი ტესტების 4,8%-ს ნიშნავს მაშინ, როცა ერთი კვირით ადრე დადებითი ტესტების რაოდენობა 7,2%-ს შეადგენდა. ამ დროისთვის ქვეყნის სამკურნალო კლინიკებში კოვიდდაავადებით სულ 112 პაციენტია მოთავსებული. მათგან 40 პაციენტი ინტენსიურ თერაპიას საჭიროებს, ხოლო 2 პაციენტი ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა.

სლოვენიის ჯანდაცვის უწყებაში ხაზგასმით შენიშნეს, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია იმათი წყალობით გაუმჯობესდა, ვინც კოვიდშეზღუდვებს მკაცრად იცავდა და ვაქცინაციას იტარებდა. ოფიციალურად ეპიდემიის დასრულების გამოცხადების მიუხედავად, გარკვეული შეზღუდვები ძალაში რჩება, მოსახლეობის ვაქცინაცია კი გრძელდება.

„ეს მეტად რთული 18 თვე იყო. ეპიდემიამ მრავალი სირთულის წინაშე დაგვაყენა, რაც ჩვენი თანამშრომლობისა და სოლიდარობის წყალობით გადავლახეთ. თუმცა საფინიშე ხაზი ჯერ არ გადაგვიკვეთავს,“ - განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივან ფრანკ ვინდიშარმა. მან მოუწოდა მოქალაქეებს, რაც შეიძლება სწრაფად ჩაიტარონ ვაქცინაცია.

სლოვენიაში ვაქცინის პირველი დოზით 18 წელს გადაცილებული 769 248 ადამიანი აიცრა. ამასთან, 18 წელზე მეტი ასაკის 551 906 ადამიანი უკვე მთლიანად აცრილია. ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანაში ნებისმიერი მსურველისთვის ვაქცინის საკმარისი რაოდენობაა. ვაქცინა იმდენია, რომ ვაქცინაციის ცენტრები ადამიანებს წინასწარი ჩაწერის გარეშეც იღებენ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ