„ეს გვჭირდება იმისთვის, რომ მაქსიმალურად გავზარდოთ ხელფასები“-  რა უნდა გაკეთდეს კვების ობიექტებში კადრების დეფიციტის მოსაგვარებლად

„ადამიანები, რომლებიც ჩვენ სექტორში მუშაობდნენ, ფაქტობრივად, დატოვეს სამუშაო ადგილები და მათი ეს ნაბიჯი ძალიან ლოგიკურია. იმიტომ, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში ისეთი არასტაბილური იყო სექტორი, ნამდვილად ვერავინ დარჩებოდა“- ამის შესახებ „საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ლევან ქოქიაშვილმა რადიო „პალიტრისა“ და პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისი თქმით, პრობლემა სიღრმისეულია და ამაში სახელმწიფოს ჩართულობა აუცილებელია. კერძოდ, როგორც ლევან ქოქიაშვილი ამბობს, იმისთვის, რომ კვალიფიციური კადრები დაბრუნდნენ და ამასთან, ახალი თანამშრომლების მოძიება მოხდეს, უნდა გაიზარდოს ხელფასები, რისთვისაც საშემოსავლო შეღავათები უნდა გაგრძელდეს.

ცნობისთვის, hr.ge-ს მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული ვაკანსიების რაოდენობით, ყველაზე აქტიური "ჰორეკა" სექტორია. კერძოდ, ჯამური ვაკანსიების რაოდენობიდან 22% დღეს უკვე სწორედ კვებისა და სასტუმრო ობიექტებზე მოდის. გარდა ამისა, როგორც hr.ge-ს მენეჯერი „ბიზნესპრესნიუსთან“ აღნიშნავს, ხშირია შემთხვევები, როდესაც კომპანია თავიდან ათავსებს ვაკანსიას და მიზეზად ასახელებს იმას, რომ ვერ ახერხებს შესაბამისი კადრის აყვანას.

„ამ ეტაპზე პრობლემა ნამდვილად სიღრმისეულია, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს კვების სექტორში სამუშაოების აღდგენა. სიმართლე რომ გითხრათ, მომხმარებლებს არ ვუჩივით და საკმაოდ ჭარბი რაოდენობითაც გვყავს, მაგრამ აქ ვაწყდებით ძალიან მნიშვნელოვან პრობლემას. ადამიანები, რომლებიც ჩვენ სექტორში მუშაობდნენ, ფაქტობრივად დატოვეს სამუშაო ადგილები და მათი ეს ნაბიჯი ძალიან ლოგიკურია. იმიტომ, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში ისეთი არასტაბილური იყო სექტორი, ნამდვილად ვერავინ დარჩებოდა, ვისაც ყოველდღიური სამუშაო ოჯახის სარჩენად სჭირდება. მათ გადაინაცვლეს სწრაფი მიწოდების სერვისებში, წავიდნენ საზღვარგარეთ და აშ. ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია - პირველი ნაბიჯი იქნება ის, რომ კვების დაწესებულებებზე ისევ გაგრძელდეს ის სახელფასო შეღავათები, რაც იყო ყველა სექტორზე. ვგულისხმობ, საშემოსავლო შეღავათებს. ამ თანხის სახლში წაღებას ან სხვა საქმეში დაბანდებას, არავინ აპირებს. ახლა ეს გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენ სექტორში მაქსიმალურად გავზარდოთ ხელფასები და მოვიზიდოთ თანამშრომლები. მაგალითად, სწრაფი მიწოდების სერვისებში საშუალო ხელფასი მინიმუმ 50 ლარია დღეში, ჩვენ სექტორში ამჟამად მიმტანის ანაზღაურება დღიურად 25-30 ლარია“,- განაცხადა ლევან ქოქიაშვილმა.

მისი თქმით, საშემოსავლო შეღავათები მინიმუმ 6 თვით უნდა გაგრძელდეს.

„როდესაც საშემოსავლო შეღავათები დაწესდა, მაშინ რესტორნები ფაქტობრივად, დაკეტილი იყო, ანუ ისედაც არ გვყავდა თანამშრომლები, რომ რამე გადაგვეხადა. ანუ, ჩვენ სექტორს ამით დიდად არ უსარგებლია. ახლა როდესაც გავიხსენით და გვჭირდება, უკვე გამოდის, რომ ეს შეღავათი აღარ გვექნება.

ეს არის ბიზნესი, რომელშიც ყოველთვის ყველაფერი მიდის ფინანსებამდე. ჩვენ 2019 წლამდე ისე მოვედით, კი იყო სერვისების პრობლემა, მაგრამ მაშინ ძალიან ბევრი კვების დაწესებულება იყო. პანდემიის შემდგომ, კვების ობიექტების 38% ვერ გაიხსნა. წარმოიდგინეთ, ეს რამხელა რიცხვია. ისინი უბრალოდ გაკოტრდნენ, ვერ გადარჩნენ პანდემიის დროს. მგონი ყველა ხედავს, რომ კვების ობიექტების ადგილზე არის სუპერმარკეტები, აფთიაქები და ეს თვალსაჩინოა. ადამინების ეს რაოდენობაც ხომ გაედინა ჩვენი სექტორიდან. ასე რომ, 2019 წელს თანამშრომელთა რა რაოდენობაც იყო, ის კვალიფიციური თანამშრომლები რომ დავაბრუნოთ და ახლებიც მოვიზიდოთ, საჭიროა აქტიური მუშაობა, ცნობადობის ამაღლება, რომ ეს სექტორი არის სტაბილური და წინ წავა მომავალში. ეს ხალხი უნდა დავაინტერესოთ როგორც ხელფასით, ისე კვალიფიკაციის ამაღლებით და სხვა ყველა იმ სიკეთით, რომელიც უნდა იყოს ჩვენს სექტორში“,- განცხადა ლევან ქოქიაშვილმა.

ნინი ქეთელაური