მსოფლიო ბირჟებზე Coca-Cola-ს აქციების ღირებულება ერთ-ერთი ვერსიით პორტუგალიელ სუპერვარსკვლავ კრიშტიანუ რონალდუს კი არა, გამაგრილებელი სასმელების გიგანტის მხრიდან აქციათა გეგმიურ „დაცემას“ უკავშირდება.
ექსპერტების მონაცემებით, 14 ივნისი Coca-Cola-ს აქციებისთვის ექს-დივიდენდურ დღეს წარმოადგენდა. წელიწადში 4-ჯერ, ყოველ კვარტალში Coca-Cola აქციების მფლობელებს დივიდენდებს უხდის ანუ მოგებას უყოფს. მაგალითად, იმისათვის, რომ აქციონერმა ივნისის 0,42 დოლარის დივიდენდი მიიღოს, ის Coca-Cola-ას აქციას 11 ივნისისთვის უნდა ფლობდეს, ხოლო 14 ივნისი წარმოადგენდა პირველ დღეს, როცა კომპანიის აქციებზე ვაჭრობა შემდგომი დივიდენდის ღირებულების გარეშე მიმდინარეობდა. აქციის ფასი დივიდენდის ოდენობის პლუს-მინუს დონეზე ვარდება. ზოგჯერ უფრო მეტადაც ეცემა, რადგან ზოგიერთი ინვესტორი, რომლებიც პორტფელში აქციებს დიდი ხნით ინახავს, მათ ჰყიდის და მოგებას აფიქსირებს.
ამასათან, კვირა დღეს სავაჭრო ბირჟა არ მუშაობს, პარასკევს კი Coca-Cola-მ სესია 56,14 დოლარით დახურა. ორშაბათს შუადღით Coca-Cola-ს აქციების ფასი 55,36 იყო, რასაც ბევრი რონალდუს განცხადებას უკავშირებს. თუმცა სპორტულ მედიაში ფეხბურთელის პრესკონფერენცია ვრცლად მხოლოდ საღამოს სათებში გავრცელდა. მეორეც, აშშ-ს საფონდო ბირჟაზე გაცვლითი ვაჭრობა სწორედ ორშაბათს შუადღით გაიხსნა, როცა ბაზარზე Coca-Cola-ს აქციებიდან დივიდენდების საფინალო გამოკლება მოხდა და რაც ჩვეულებრივი საბაზრო პროცესია. მაგალითად, გასული წლის 12 მარტს, წინა დღის დივიდენდების გაცემის შემდეგ, Coca-Cola-ს აქციათა ფასი 50,36 დოლარამდე დაეცა.
როგორც ცნობილია, ევროპის ჩემპიონატის წინასამატჩო პრესკონფერენციის დროს, პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ Coca-Cola-ს ბოთლები კამერებისგან მოშორებით დადგა და შეკრებილ საზოგადოებას წყლის დალევისკენ მოუწოდა. ამ ქმედებას გამაგრილებელი სასმელების გიგანტის საბაზრო ღირებულება 4 მილიარდი დოლარით შემცირებას უკავშირებენ. კომპანიის აქციების ფასი 1,6%-ით გაუფასურდა, ხოლო Coca-Cola-ს საბაზრო ღირებულება 242 მილიარდი დოლარიდან 238 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.
The Guardian წერს, რომ კრიზისი რონალდუს ქმედებას არ უკავშირდება და ყველაფერი უბრალოდ ერთმანეთს დაემთხვა. ინვესტორებისთვის საუპერვარსკვლავების მსგავს პრესკონფერენციებს სერიოზული გრძელვადიანი ეფექტი არ გააჩნია. მაგალითად, Reuters-ის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველ პოლ პოგბამ, რომელიც მუსულმანია, პრესკონფერენციის დროს ლუდი Heineken-ის ბოთლი გვერდით გადადო. თუმცა ამას სასმელის საბაზრო ღირებულებაზე უარყოფითად არ უმოქმედია და Heineken-ის აქციების ფასი, პირიქით, გაიზარდა. დღის განმავლობაში ამსტერდამის ბირჟაზე Heineken-ის ერთი აქციის ფასი 98 ევროდან 99,6 ევრომდე გაიზარდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ