ვის ეკუთვნის კომპანიები, რომელიც ყველაზე მეტ ადამიანს ასაქმებს

2021 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 622.7 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 9%-ით ნაკლებია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 42% ქალია, ხოლო 58% - კაცი.

ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 41.5% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22.5% - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 36% - მცირე ბიზნესზე.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას იმ Top-კომპანიების შესახებ, რომლებიც ბოლო მონაცემებით, საქართველოში ყველაზე მეტ ადამიანს ასაქმებს.

შპს ევოლუშენ ჯორჯია - სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, 2017 წლის 29 მაისს დარეგისტრირდა. კომპანიის 100%-იანი წილი მალტაში რეგისტრირებულ შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია „ევოლუშენ მალტა ჰოლდინგ ლიმიტედს“ ეკუთვნის. დირექტორები არიან: შვედეთის მოქალაქეები, მარტინ ოლოფ კარლესუნდი და პალ ჯესპერ ფონ ბაჰრი.

სს გეფა - 2010 წლის 8 იანვარს დაფუძნდა. სს გეფას კონსოლიდირებული ანგარიშგების მიხედვით, 2019 წლის მდგომარეობით, (2020 წლის ანგარიშგება კომპანიას ჯერ გამოქვეყნებული არ აქვს) ჯგუფის აქციონერთა სტრუქტურა ასეთი იყო: კომპანიის 67%-იანი წილი სს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს ეკუთვნოდა, 28% - ენრიკო ბერიძეს, ხოლო 5% მიხეილ აბრამიძეს. მშობელი კომპანია ფლობს ჯგუფის საკონტროლო პაკეტს. ეს უკანასკნელი არის ინგლისში, ლონდონში დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საჯარო კომპანია „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ (შემდგომში „GHG“) 100%-იან საკუთრებაში მყოფი შვილობილი კომპანია.

2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, გეფას საბოლოო მშობელი კომპანია იყო საჯარო სააქციო საზოგადოება „ჯორჯია კაპიტალი“ („ჯორჯია კაპიტალი“), რომელიც ინგლისში, ლონდონში დაფუძნებული კომპანიაა. (წყარო - reportal.ge).

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, სს გეფას დირექტორები არიან, მიხეილ აბრამიძე და ენრიკო ბერიძე.

სს ენერგო - პრო ჯორჯია - კომპანიის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, (წყარო - reportal.ge), 2006 წლის 31 ივლისს საქართველოში დარეგისტრირებული და მოქმედი კომპანიაა. მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა სააქციო საზოგადოება და დაფუძნებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2019 წლის და 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის მშობელი კომპანია, 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით, იყო „ჩეხური ენერგო-პრო ეი.ეს.“ . „ჩეხურ ენერგო-პრო ეი.ეს.“-ს სრულად ფლობს „დკ ჰოლდინგ ინვესტმენტს ს.რ.ო.“. ამ უკანასკნელის აქციების 100%-ის მფლობელია იარომირ თესარი, რომელიც ამასთანავე კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი მხარეა.

შპს თბილსერვის ჯგუფი - 2010 წლის 26 მარტს დაფუძნდა. კომპანიის 100%ანი წილი თბილისის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. დირექტორია რომეო მიქაუტაძე.

სს საქართველოს რკინიგზა - კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი საქართველოს საპარტნიორო ფონდია.

შპს ჯორჯიან მანგანეზი - 2010 წლის 2 თებერვალს დარეგისტრირდა. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის 100% ლუქსემბურგში რეგისტრირებულ, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას „ჯორჯიან ამერიქენ ელოიზს“ ეკუთვნის. კომპანიის დირექტორები არიან, უკრაინის მოქალაქე ვოლოდიმირ ლოზინსკი და ნიკოლოზ ჩიქოვანი.

სს ნიკორა ტრეიდი - 2010 წლის 6 იანვარს დარეგისტრირდა. კომპანიის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, სს “ნიკორა ტრეიდი” არის საქართველოში რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება. სს “ნიკორა ტრეიდი” ფლობს 67%-იან წილს საქართველოში რეგისტრირებულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ლაზი ჰოლდინგში” და აგრეთვე, 100%-იან წილს შპს “ნუგეშში”. სს “ნიკორა ტრეიდის” 80%-იანი წილის მფლობელი არის საქართველოში დაფუძნებული და რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება “ნიკორა”, ხოლო აქციების 20% ეკუთვნის სხვა აქციონერებს.(წყარო - reportal.ge).

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე (ასევე წევრი) ვასილი სუხიაშვილია, მოადგილე -ტარას ნიჟარაძე; ასევე, წევრები არიან: ირაკლი ბოქოლიშვილი, გია პეტრიაშვილი, ირაკლი ნიკოლაიშვილი, ვასილ ტარადინი და ოლეგ გუბანოვი. „ნიკორა ტრეიდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით ურუშაძეა.

შპს რითეილ ჯგუფი - 2017 წის 6 ნოემბერს დაფუძნდა. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის 26.67% კვიპროსში რეგისტრირებულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „დოლნეი ქენსალთენთს“ ეკუთვნის, 20.04% - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს „ჯიბისი ინვესტის“, 30%- შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ქისთოუნ ინვესთმენთს“, 13.33% - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას „მეიდანზე“, 9.96% - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას „რითეილ ინვესთმენთს“. კომპანიის დირექტორია ლაშა ჩოჩელი. (რითეილ ჯგუფს სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ ეკუთვნის)

შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანია - 2010 წლის 28 იანვარს დარეგისტრირდა. კომპანია თბილისის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, გენერალური დირექტორია გიორგი შარკოვი.

სს ევექსის ჰოსპიტლები - 2014 წლის 30 ივლისს დაფუძნდა. კომპანიის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2019 წლის მდგომარეობით, ევექსის 100%-იანი წილის მფლობელი იყო სს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (შემდგომში „მშობელი კომპანია“). ეს უკანასკნელი არის ინგლისში, ლონდონში დაფუძნებული საჯარო სააქციო საზოგადოება „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ (შემდგომში „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“) 100%-იან საკუთრებაში მყოფი შვილობილი კომპანია. (წყარო - reportal.ge).

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წვერები არიან: მურთაზ კიკორია, არჩილ გაჩეჩილაძე, თავმჯდომარე - ირაკლი გილაური, ხოლო მოადგილე - თორნიკე გოგიჩაიშვილი. ევექსის ჰოსპიტლების გენერალური დირექტორია გიორგი ბარათაშვილი.

ნინი ქეთელაური