მაისში ელექტროენერგიის იმპორტი 98,4%-ით შემცირდა - სად ვიყიდეთ დენი

2021 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 98,4%-ით შემცირდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 36,8%-ით. უფრო კონკრეტულად, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის მაისში ქვეყანამ უცხოეთში 4.143 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია იყიდა, აპრილში - 259.600 მლნ კვტ-სთ, წინა წლის მაისში კი იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა 6.560 მლნ კვტ-სთ-ს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ მაისში საქართველომ ელექტროენერგია მხოლოდ აზერბაიჯანში შეიძინა - 4.143 მლნ კვტ-სთ.

ელექტროენერგიის იმპორტის შემცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რეაბილიტირებული ენგურჰესის ხელახლა ამუშავება გახდა. როგორც ცნობილია, ქვეყნის ყველაზე დიდი ჰესი რემონტის გამო 3 თვის განმავლობაში გაჩერებული იყო და მხოლოდ 2021 წლის აპრილის ბოლოს ჩაირთო. ახლადგარემონტებული ენგურჰესის მიერ გამომუშავებული დენის მოცულობამ კი 2021 წლის მაისში 403.560 მლნ კვტ-სთ შეადგინა, ეს კი წინა წლის მაისთან შედარებით 98,1%-ით მეტია, შარშან მაისში ენგურმა 203.625 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა.