აშშ დოლარის „ქორის შეტევა“ - ვალუტა გამყარდა და 2-თვიან უმაღლეს ნიშნულს მიაღწია

აშშ დოლარი გამყარდა და მისმა დღევანდელმა კურსმა 2-თვიან უმაღლეს ნიშნულს მიაღწია: 1 ევრო 1.1984 დოლარია, რაც წინა სესიასთან შედარებით, 1%-ით მეტია. იენთან მიმართებაში დოლარი 1-ელი აპრილის შემდეგ პირველად 0,6%-ით გამყარდა და დღეს 1 დოლარი 110.825 იენია.

Reuters-ის ცნობით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-ს ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ, რომელიც ქვეყნის ცენტრალური ბანკის ფუნქციას ასრულებს, 2023 წლისთვის საპროცენტო განაკვეთის მატებაზე პირველი პროგნოზი წარმოადგინა პანდემიის შემდეგ. პროგნოზი კოვიდპანდემიური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ეკონომიკურ კრიზისზე მოქმედი ფაქტორების შესუსტებას ეფუძნება, რა რისკებსაც, შარშანდელთან შედარებით, ბანკი აღარ ითვალისწინებს.

აზიაში აშშ დოლარის ინდექსი, რომლის კონკურენტიც 6 აზიური ვალუტაა, 91,459-მდე გაიზარდა და მან მთელი ღამის განმავლობაში 1%-იანი ზრდა დააფიქსირა, რაც გასული წლის მარტის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ფედერალური სარეზერვო ბანკის 11 მმართველიდან უმრავლესობამ 2023 წლისთვის საპროცენტო განაკვეთის ორი მეოთხედით, მინიმუმ ორჯერ გაზრდა დააანონსა.

TD Securities-ის ანალიტიკოსები ამ მოვლენას „ქორის შეტევას“ და „ორმაგ დარტყმას“ უწოდებენ, რასაც, მათი ვარაუდით, ზაფხულის თვეებში აშშ დოლარის 2%-იანი ზრდა მოყვება.

ოთხშაბათს ავსტრალიური დოლარი 1%-ით გაუფასურდა და 0.75975 დოლარამდე დაეცა, რაც 13 აპრილის შემდეგ ყველაზე დაბალი ნიშნულია. 7 მაისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია გირვანქა სტერლინგისთვისაც და ოთხშაბათს ღამით 1.39745 დოლარი შეადგინა. ასევე, 5 მაისის შემდეგ ყველაზე მეტად გაუფასურდა კანადური დოლარიც და 1.2292 ნიშნულამდე დაეცა. აშშ დოლარის გამყარებით დაზარალდნენ კრიპტოვალუტებიც: ბიტკოინი ოთხშაბათს 4,5%-ით დაეცა და 38 624 დოლარის ნიშნულზე მერყეობდა, ეთერიუმის ფასი კი 2393 დოლარამდე შემცირდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ