საფრანგეთში ქუჩებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარაა, ქვეყანაში კომენდანტის საათიც უქმდება

საფრანგეთის მთავრობა ქუჩებში პირბადის ტარების წესსა და კომენდანტის საათს დაგეგმილზე ადრე აუქმებს. Le Figaro-ს ცნობით, კორონავირუსთან ბრძოლის ეს ორი ძირითადი ზომა 1-ელ ივლისს უნდა გაუქმებულიყო, თუმცა პრემიერ-მინისტრ ჟან კასტეკსმა აღნიშნული გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.

პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყნის მასშტაბით ქუჩებში პირბადის ტარების ვალდებულება გაუქმებულია, რაც ძალაში დღეიდან შედის. ნიღბის გაკეთება მხოლოდ განსაკუთრებულ ვითარებაში იქნება აუცილებელი, როგორიცაა ხალხის თავყრილობა, რიგები, სტადიონები და სხვა. პირბადის ტარება, ასევე, აუცილებელ ზომად რჩება დახურულ სივრცეებში.

რაც შეეხება კომენდანტის საათს, ის კვირას, 20 ივნის, 23:00 საათიდან გაუქმდება.

ამჟამად საფრანგეთში დღეში 5000-ზე ნაკლები ინფიცირების შემთხვევა ფიქსირდება. პრემიერ კასტეკსის თქმით, ქვეყნის არც ერთ რეგიონში შემაშფოთებელი ვითარება არაა და ჯანდაცვა იმაზე სწრაფად უმჯობესდება, ვიდრე მოელოდნენ. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ფრანგებს, აიცრან, რომ აგვისტოს ბოლოსთვის დასახულ მიზანს - სრულად აცრილთა 35 მილიონიან რაოდენობას მიაღწიონ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ