KLM წელს ყველა საერთაშორისო რეისს აღადგენს

ჰოლანდიური ავიაკომპანია KLM წელს ყველა საერთაშორისო რეისს აღადგენს და საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადის მიმართულებით ახალ მარშრუტსაც დაამატებს. ამის შესახებ ტელეკომპანია CNBC-ს ავიაკომპანიის პრეზიდენტმა და მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა პიტერ ელბერსმა გუშინ განუცხადა.

მისი თქმით, მართალია KLM-ის მგზავრთა ტევადობის რესურსი და ყველა რეისის სიხშირე ჯერ ისევ შეზღუდულია, მაგრამ ავიაკომპანიას ამბიციური გეგმა მაინც აქვს, რადგან ვაქცინაციის პროგრამები ტურისტული ინდუსტრიის აღდგენის იმედს უსახავს.

„ჩვენ მართლაც მოველით, რომ ყველა მიმართულებაზე 90-95%-ით დავბრუნდებით, სადაც კი პანდემიამდე დავფრინავდით. თუმცა აქვე უნდა ვთქვათ, რომ მგზავრთა მიღების თვალსაზრისით, ჩვენი ტევადობის რესურსი, 2019 წლეთან შედარებით, მცირე იქნება, ამიტომ ავიარეისებიც ადრინდელივით ხშირად ვერ განხორციელდება,“ - აცხადებს ელბერსი.

მისი თქმით, აღდგენის სიჩქარე და მასშტაბი ცვალებადი იქნება რეგიონიდან რეგიონს შორის, რაც ვაქცინაციის ადგილობრივ მაჩვენებლებზე იქნება დამოკიდებული.

KLM-ის პრეზიდენტის მონაცემებით, აშშ-ში შიდა ფრენების ბაზარმა ავიაკომპანიას დარგის აღდგენის კარგი ნიშნები უჩვენა, რაც ვაქცინირებულთა რაოდენობის ზრდის შედეგია და რის კვალდაკვალ ევროპაც ვითარდება. რაც შეეხება აზიას, პიტერ ელბერსი ვარაუდობს, რომ იქ აღდგენის პროცესი ნელი ტემპით მოხდება.

„ევროპა-აზიის მონაკვეთზე ფრენების სწრაფ აღდგენას არ მოველით, რადგან აზიის ბევრ ქვეყანაში კვლავ მკაცრი საკარანტინო რეჟიმია. თუმცა გამონაკლისია ახლო აღმოსავლეთი, სადაც ვაქცინაციის დიდი ნახტომები გაკეთდა, ამიტომ ერ-რიადის მიმართულებით ახალ მარშრუტსაც კი დავამატებთ, რისი გაკეთებაც შარშან გადაიდო,“ - აცხადებს ელბერსი.

გასულ თვეს გამოქვეყნებული ანგარიშით, Air France- KLM-მა პირველი კვარტალი 1,8 მლრდ დოლარის ზარალით დაასრულა, რასაც ელბერსმა „მოლოდინზე მეტად ცუდი“ შედეგი უწოდა. ის არ გამორიცხავს, რომ თუკი კოვიდპანდემიამ ისევ იფეთქა, დარგი სახელმწიფოსგან მორიგ ფინანსურ დახმარებას მიიღებს. თუმცა KLM-ის ამჟამინდელი სესხები და სხვა ფინანსური საშუალებები, რომელიც ჯამში 4,1 მლრდ დოლარს შეადგენს, ავიაკომპანიას მომავალი საქმიანობისთვის „მტკიცე საფუძველს“ უქმნის.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ