„სამსუნგმა“ 6G სისტემის პირველი სადემონსტრაციო ტესტი ჩაატარა

მსოფლიოს 5G ქსელის ათვისება ახალი დაწყებული აქვს, თუმცა ტექნოლოგიის წინსვლა არასდროს წყდება და წამყვანი კომპანიები უკვე 6G ტექნოლოგიაზე მუშაობას იწყებენ. მათ შორის არის სამხრეთ კორეული კომპანია „სამსუნგი“, რომელმაც 6G სისტემის პირველი სადემონსტრაციო ტესტი ჩაატარა.

როგორც მოსალოდნელი იყო, 6G წინამორბედზე სწრაფიცაა და შეყოვნებაც ნაკლებად ახასიათებს. კერძოდ, ახალი სისტემით მონაცემთა გადაცემის სიჩქარის პიკური მაჩვენებელი, 5G-საზე დაახლოებით 50-ჯერ მეტია. თვალსაჩინოებისთვის, სიჩქარე წამში ტერაბაიტს მიაღწევს. რაც შეეხება ლატენტურობას, ეს მახასიათებელი 5G-ზე 10-ჯერ ნაკლები იქნება. ამგვარად, შესაძლებელი გახდება ისეთი კონტენტის სწრაფი გადაგზავნა, როგორიცაა 8K გარჩევადობა, VR და ჰოლოგრაფიული ვიდეო.

5G კომუნიკაციის საოპერაციო სიხშირე დაახლოებით 40 გიგაჰერცია. 6G სისტემით, სიხშირე 100 გიგაჰერცს ასცდება და ტერაჰერცის სპექტრს მიუახლოვდება. მნიშვნელოვნად გაიზრდება სისტემის გამტარუნარიანობა. 5G-ს ეს პარამეტრი 400 მეგაჰერცის არეალში აქვს.

„სამსუნგმა“ 6G-ს პირველი ტესტი, სანტა ბარბარას კალიფორნიის უნივერსიტეტთან ერთად ჩაატარა. 140 გიგაჰერციანი სისტემით, რომლის გამტარუნარიანობაც 2 გიგაჰერცია, მათ მონაცემები 6.2 გიგაჰერცი წამში სიჩქარით, 15 მეტრიან დისტანციაზე, უკაბელოდ გადასცეს.

შედარებისთვის, 5G სისტემების რეკორდი, წამში 5.23 გიგაბაიტის გადაცემაა. „სამსუნგის“ შეფასებით, ასეთი სიჩქარეც გაცილებით ნაკლებია 6G ტექნოლოგის რეალურ შესაძლებლობაზე. პერსპექტივაში, ახალი ტიპის სისტემებს, წამში დაახლოებით 1 ტერაბაიტამდე მოცულობის მონაცემების გადაცემის უნარი ექნება.