Saudi Aramco-მ ისლამური ობლიგაციებით 6 მლრდ დოლარი მიიზიდა

მსოფლიოში უმსხვილესმა ნავთობმომპოვებელმა კომპანია Saudi Aramco-მ საერთაშორისო ინსტიტუციონალურ ინვესტორებთან საინვესტიციო სერტიფიკატები - „სუკუკი“ განათავსა და მათი გაყიდვიდან 6 მლრდ დოლარი მიიზიდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.

ინსტრუმენტების გამოშვება სამი ტრანშისგან შედგება და 2024, 2026 და 2031 წლებში უნდა დაიფაროს. კომპანიამ არ მიუთითა, თუ რა პროექტების ქვეშ განთავსდა სუკუკი და მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ მიღებული შემოსავალი კორპორაციულ მიზნებს მოხმარდება. ქაღალდებზე მოთხოვნა მოსალოდნელზე 20-ჯერ დიდი აღმოჩნდა. კომპანიის ხელმძღვანელ ამინ ნასერის თქმით, ეს ნიშნავს, რომ საინვესტიციო თანამეგობრობა კომპანიის პროდუქციაში გრძელვადიანად დარწმუნებულია.

სუკუკი ფინანსურ ბაზრებზე განთავსებული ობლიგაციების ისლამური ანალოგია. ტრადიციული ობლიგაციებისგან განსხვავებით, სუკუკის მოგება კონკრეტულ პროექტთან ან მატერიალურ აქტივთან არის მიბმული.

კოკა კვირკველია