როდის დადგინდება თხილის ფასი ქართულ ბაზარზე - „ჯორჯიან პროდაქტს რენესანსი“

საქართველოში წელს თხილის მოსავალი ბოლო 7 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი და ხარისხიანი იქნება. ინფორმაციას პორტალი EastFruit ავრცელებს.

რაზეა დამოკიდებული თხილის ფასი, როგორია მოლოდინი და როდის განისაზღვრება, რა ეღირება ბაზარზე ქართული თხილი ,,ბიზნესპრესნიუსთან“ „ჯორჯიან პროდაქტს რენესანსის“ დამფუძნებელმა, ბაია სალუქვაძემ ისაუბრა.

,,ჩვენ, გვაქვს გადამამუშავებელი საწარმო ხობის რაიონში, ხოლო კახეთში შემნახველი საწარმო. ამრიგად, ჩვენ, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოშიც ვყიდულობთ თხილს მოსახლეობისგან.

ამჟამინდელი დაკვირვებით ბაღები ყველა რეგიონში კარგად მსხმოიარეა. არ ჩანს არც ბოლო წლების მთავარი პრობლემა, ფაროსანა. შესაბამისად, ველოდებით, რომ მოსავალი მინიმუმ შარშანდელ წელს გაუთანაბრდება, ან იქნება მეტი. ჯერჯერობით მოლოდინები ასეთია, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ საქართველოში წვიმებია, ეს მოსავალზე არ აისახება. შეგროვება-ჩაბარება იწყება აგვისტოდან დასავლეთ საქართველოში, კახეთში უფრო გვიან სექტემბრისთვის და ორივე ლოკაციაზე დავიწყებთ თხილის მოსავლის მიღებას.

რაც შეეხება ფასს, ის ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. მეტწილად თურქეთში მოსავლიანობაზე, მთელს მსოფლიოში მოთხოვნა-მიწოდებაც მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ საშუალო ფასი იქნება გასული წლის ანალოგიური, თუმცა ფასის დადგენაზე საუბარი მაინც ნაადრევია ივლისამდე“, - აცხადებს ბაია სალუქვაძე.

ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, თხილისა და სხვა კაკალის ექსპორტი წინა წელთან შედარებით 103%-ით 29,7 მლნ დოლარით გაიზარდა.

თამარ მუკბანიანი