2021 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 10.5%-მდე შემცირდება

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2021 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი -10.5%-მდე შემცირდება. საბიუჯეტო ოფისის შეფასებით მიმდინარე ანგარიშის ბალანსი 2022 წლიდან გაუმჯობესებას დაიწყებს და საშუალოდ ქვეყანაში შექმნილი დოვლათის -7.8%-ის ფარგლებში ჩამოყალიბდება, მთავრობის პროგნოზის მიხედვითაც დეფიციტი 2022 წლიდან გაუმჯობესდება და საშუალოდ, ქვეყანაში შექმნილი დოვლათის -8.5%-ის ფარგლებში ჩამოყალიბდება.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ პანდემიამდე პერიოდში მიმდინარე აგარიშის დეფიციტი შემცირების ტენდეციას ავლენდა, კერძოდ, 2018 წელს დეფიციტმა დაახლოებით -7% შეადგინა, 2019 წელს -5-6%-ის ფარგლებში იყო, ხოლო პანდემიის პერიოდში 2020 წელს კვლავ გაიზარდა და ქვეყანაში შექმნილი დოვლათის -13%-ს მიაღწია.

ცნობისთვის, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ფაქტობრივად, ვალუტის შემოდინებასა და გადინებას შორის ბალანსს ასახავს, კერძოდ, თუ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი იზრდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნიდან იმაზე მეტი უცხოური ვალუტა გადის, ვიდრე შემოდის, ხოლო თუ ანგარიშის დეფიციტი მცირდება, მაშინ ეს ყველაფერი პირიქითაა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეროვნული ბანკი ლარის კურსის გაუფასურებას ხშირ შემთხვევაში სწორედ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ზრდას უკავშირებს.

ნოდარ სირბილაძე