1-ელ კვარტალში მშპ-ს მოცულობა 11,275 მლრდ ლარი იყო

2021 წლის 1-ელ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 11 275.7 მლნ ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ 4.5 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი გაიზარდა 6.8 პროცენტით.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის პირველ კვარტალში, კლების მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (-54.0 პროცენტი), მშენებლობა (-19.4 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (-25.4 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (-6.4 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (-9.0 პროცენტი), ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები (-34.0 პროცენტი).

ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (24.0 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (50.3 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (13.3 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა (3.9 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (16.8 პროცენტი).

„საქსტატის“ ცნობით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (14.9 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (11.8 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (10.6 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (8.3 პროცენტი), მშენებლობა (6.8 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (6.6 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (6.2 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (5.8 პროცენტი).

თაია არდოტელი