ნინო ლომჯარია - პრობლემურია და კითხვებს ბადებს „ნამახვანჰესის“ განსახორციელებელი პროექტის ეკონომიკურ-ენერგეტიკული სარგებლიანობა

ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრობლემურია და კითხვებს ბადებს „ნამახვანჰესის“ განსახორციელებელი პროექტის ეკონომიკურ-ენერგეტიკული სარგებლიანობა, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, ასევე კითხვის ნიშნებს ბადებს პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა, რასაც პრობლემები ახლდა თან და გააჩინა უნდობლობა აღნიშნული პროექტის მიმართ.

„რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება გვაქვს გამახვილებული ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე და ამ თვალსაზრისით, ჩვენ წარმოვაჩენთ საზოგადოების წუხილებს ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების მოლოდინის თაობაზე, აღნიშნული პროექტის გარშემო. ასევე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრობლემურია და კითხვებს ბადებს განსახორციელებელი პროექტის ეკონომიკურ- ენერგეტიკული სარგებლიანობა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა, რაც პრობლემებით წარიმართა და რამაც გააჩინა გარკვეული უნდობლობა ამ პროექტის მიმართ,“ - განაცხადა ლომჯარიამ.

მისივე თქმით, გარემოს დაცვის მიმართულებით ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ენერგეტიკულ პოლიტიკასთან დაკავშირებულ ადამიანის უფლებათა გამოწვევებზე, ასევე ადამიანის უფლებების უგულებელყოფაზე ქალაქმშენებლობის პროცესში, გარემოსთვის მიყენებული ზიანის თვალსაზრისით.

„ყურადღება გამახვილებულია სახიფათო ნარჩენების მართვის პრობლემებზე, ასევე ბუნებრივი გაზის შიდა ქსელის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის ეფექტიანი გარანტიების არარსებობაზე, ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის ხარვეზიანი სისტემის არსებობაზე ქვეყანაში, რაც არ იძლევა დაბინძურების სრულფასოვან სურათს ქვეყნის მასშტაბით,“- განაცხადა ლომჯარიამ.