აშშ-ში წლის ბოლოსთვის შესაძლოა, კოვიდსამკურნალო აბები გავრცელდეს

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გუშინ განცხადება გაავრცელა, რომ აშშ კოვიდსამკურნალო აბების შემუშავებისთვის 3,2 მლრდ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. აბები Covid-19-ის გარდა, პანდემიური პოტენციალის მქონე სხვა ვირუსების სამკურნალოდაც შემუშავდება. ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე სამედიცინო მრჩეველმა, დოქტორ ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რასაც ტელეკომპანია CNBC ავრცელებს.

მისი თქმით, დოკუმენტი, სახელწოდებით „პანდემიის ანტივირუსული პროგრამა“ (Antiviral Program for Pandemics), წარმოადგენს „საერთო სახელმწიფოებრივ ძალისხმევას,“ რომელიც პერსპექტიული მედიკამენტების კლინიკურ ცდებს დააჩქარებს და Covid-19-ისა და სხვა პანდემიური საფრთხის შემცველ ვირუსებზე ახალი თაობის სამკურნალო მეთოდებს შეიმუშავებს. ამ გეგმის ფარგლებში ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტები „შეაფასებენ და განსაზღვრავენ კოვიდსაწინააღმდეგო პრიორიტეტულ პრეპარატებს, რომლებსაც კლინიკური ცდების მეორე ეტაპზე გადაიყვანენ და საბოლოოდ, შეიმუშავებენ“.

ბაიდენის ადმინისტრაციის გეგმა გულისხმობს 300 მლნ დოლარზე მეტი თანხის გამოყოფას ლაბორატორიული კვლევებისთვის, თითქმის 1 მლრდ დოლარი კლინიკამდელ და კლინიკურ შეფესებებს მოხმარდება, ხოლო 700 მლნ დოლარი ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ნაციონალურ ინსტიტუტთან და ბიოსამედიცინო კვლევისა და განვითარების ორგანოსთან ერთად, პრეპარატის შემუშავება-წარმოებაზე დაიხარჯება. გარდა ამისა, 1,2 მლრდ დოლარით კორონა და სხვა ვირუსსაწინააღმდეგო მედიკამენტების აღმოჩენის ჯგუფი დაფინანსდება.

„ვირუსსაწინააღმდეგო პრეპარატები არსებული ვაქცინების მნიშვნელოვანი დანამატი იქნება, განსაკუთრებით დაბალი იმუნიტეტის მქონე პირებისთვის ან იმ ადამიანებისთვის, ვისაც ცალკეული დაავადებები აქვთ და მათთვის ვაქცინაცია შესაძლოა, დიდი რისკის შემცველი იყოს,“ - აცხადებს ენტონი ფაუჩი, რომელიც ამავე დროს ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ნაციონალური ინსტიტუტის დირექტორია.

მართალია, აშშ-ში კოვიდთან ბრძოლაში ვაქცინები მეტად ეფექტიანია, მაგრამ თეთრი სახლის ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ ქვეყანას მკურნალობის დამატებითი საშუალებები სჭირდება იმ პირებისთვის, ვისი იმუნური სისტემაც ვაქცინაზე არ რეაგირებს.

ზოგიერთი პრეპარატი უკვე შემუშავების სტადიაშია და შესაძლოა, აშშ-ში წლის ბოლოსთვისაც გავრცელდეს. მაგალითად, Pfizer-მა ჯერ კიდევ მარტში დაიწყო ექსპერიმენტული აბების ადრეული კლინიკური ცდები, რომლებიც კოვიდის პირველივე ნიშნების სამკურნალოდ არის განკუთვნილი. პრეპარატი პროტეაზას ინჰიბიტორების კლასის წამლებს განეკუთვნება და იმ ფერმენტის ინჰიბირებით მოქმედებს, რაც ვირუსს ადამიანის უჯრედებში რეპლიკაციისთვის სჭირდება. პროტეაზას ინჰიბიტორები სხვა ვირუსული პათოგენების სამკურნალოდ გამოიყენება, როგორიცაა აივ და C ჰეპატიტი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ