ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების განხილვის ცენტრის თავმჯდომარე - ნამახვანის პროექტის სამშენებლო არეალში რკინის ბარიერების დემონტაჟი წინგადადგმული ნაბიჯია სიტუაციის განსამუხტად

ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების განხილვისა და მოლაპარაკებების ცენტრის თავმჯდომარის, დირკ ბუშლეს განცხადებით, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით კანონის პატივისცემა და ყველას უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანი პირობაა პროცესის შემდგომ ნაბიჯებზე მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ნამახვანის პროექტის სამშენებლო არეალში რკინის ბარიერების დემონტაჟი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია სიტუაციის განსამუხტად.

„აღნიშნული ქმედება, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია რიონის ხეობაში სიტუაციის განსამუხტავად. ახლა უმთავრესია, პროტესტის მონაწილეებმაც შეასრულონ პირობა: ის, რომ პროტესტი გაგრძელდება მშვიდობიანად, კანონის და საკუთრების უფლების პატივისცემით და აგრეთვე, პოლიციის ინსტრუქციების შესაბამისად, არ მოხდება პროექტის სამშენებლო არეალის ბლოკირება. კანონის პატივისცემა და ყველას უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანი პირობაა პროცესის შემდგომ ნაბიჯებზე მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის“, - განაცხადა ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების განხილვისა და მოლაპარაკებების ცენტრის თავმჯდომარე დირკ ბუშლემ.