რა გავლენა ექნება რუსეთის კრიზისს საქართველოს ეკონომიკაზე?

”რუსეთში მიმდინარე მოვლენები საკმაოდ რთულად აისახება საქართველოს ეკონომიკაზე”

”შავი ორშაბათისა” და ”შავი სამშაბათის” შემდეგ რუსული რუბლი დოლართან და ევროსთან მიმართებაში შედარებით გამყარდა, თუმცა დროებით. ბოლო მონაცემებით, 1 დოლარი 68 რუბლს გასცდა, ხოლო ევროს ფასმა 85 რუბლს გადააჭარბა. რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი 17%-მდე გაზარდა, საბანკო სექტორი კი კრედიტებზე განაკვეთს ალბათ წლიურ 23%-25%-მდე გააძვირებს. ყველაფერი იქეთ მიდის, რომ რუსეთის ეკონომიკის რეცესია ღრმავდება, კერძო სექტორი კრიზისში ეფლობა, ხოლო მომხმარებლის მსყიდველობითი უნარი ეცემა. რა გავლენას იქონიებს რუსეთის კრიზისი საქართველოზე? - ამ კითხვით ჩვენ ეკონომიკის ექსპერტებს მივმართეთ.

სოსო არჩვაძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: ”რუსეთში მიმდინარე მოვლენები საკმაოდ რთულად აისახება საქართველოს ეკონომიკაზე. 1998 წელს, რუსეთის ეკონომიკის ზრდის ტემპის ვარდნა საქართველოზე დიდწილად აისახა არა იმდენად გალის ამბებით, არამედ, სწორედ რუსეთში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისით. მსგავსი ტენდენციები იყო მაშინაც: რუბლის დაცემა, შემდეგ მისი კურსის შეცვლა ამერიკულ დოლართან მიმართებაში და ა.შ.

როდესაც მეზობელ ქვეყანაში ასეთი მოვლენები ვითარდება, საფრთხის მომტანია ჩვენი ქვეყნისთვისაც. საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები აქვს რუსეთთან. რუსული რუბლის დევალვაციის შედეგად საქონელიც გაძვირდება რუსულ შიდა სამომხმარებლო ბაზარზე, მისი მსყიდველობითუნარიანობა შემცირდება, და რუსეთიდან მნიშვნელოვნად მოიკლებს ფულადი ტრანზაქციების შემოსვლა საქართველოში. ფულადი ტრანზაქციების მხრივ, რუსეთს დაახლოებით 59-60% ეკავა”.

ირაკლი ლექვინაძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: ”რუსეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი არ არის, ექსპორტში მას 9%, ხოლო ბრუნვაში დაახლოებით 7% უჭირავს და საბედნიეროდ, დიდად არ ვართ მასზე დამოკიდებული. ბაზრები დივერსიფიცირებულია და ეს კარგია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გავლენა უფრო მეტი იქნებოდა. თუმცა, რა თქმა უნდა, გავლენა ექნება.

პირველი გავლენები უკვე ნათელია: 2014 წლის ნოემბერში, გასული წლის ნოემბერთან შედარებით, ფულად ტრანსფერებში 20 მილიონი დოლარის შემცირებაა აღნუსხული. რუსეთში არსებული ფინანსური კრიზისი, დოლარის დეფიციტი, ხელს უშლის იმ ადამიანებს, ვინც ფულს აგზავნის საქართველოში, რომ ტრანსფერები განახორციელონ.

რა თქმა უნდა, ექსპორტისთვისაც პრობლემურია ის, რაც დღეს რუსეთში ხდება. ბევრი კომპანია, რომელიც რუსეთის ბაზარზე მუშაობდა და ახალი კონტრაქტების გაფორმებას აპირებდა, მოლოდინის რეჟიმშია, რადგან იქაური დისტრიბუტორების მდგომარეობას პოზიტიურს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, საქართველოს ეკონომიკაზე გავლენა ექნება, მაგრამ არა ისეთი, რომ ჩვენს ეკონომიკას სერიოზული პრობლემები შეუქმნას. ეს გავლენა ზრდის ტემპებს გარკვეულწილად შეაფერხებს. საგადამხდელო ბალანსში უკვე გარკვეული ცვლილება მოგვცა და ლარის კურსზეც აისახა”.

თამარ კორკოტაშვილი