ევროკავშირში შესაძლოა, საწვავზე მომუშავე ავტომობილების რეკლამირება აიკრძალოს

ევროკომისიამ ევროპის სამოქალაქო ინიციატივის (ECI) წინადადება დაარეგისტრირა, რომელიც ბენზინზე და დიზელზე მომუშავე ავტომობილების რეკლამირებას კრძალავს. დოკუმენტის ავტორები იმედოვნებენ, რომ ევროკავშირი შეიმუშავებს კანონპროექტს, რომელიც საწვავზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებებისთვის ყველა ტიპის რეკლამასა და სპონსორობას აკრძალავს. გამონაკლისი მხოლოდ სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სერვისის მოდელებისთვის დაიშვება. აკრძალვა შესაძლოა, შეეხოს როგორც ოფლაინ და ონლაინ რეკლამას, ისე სპორტული აქტივობების, საგანმანათლებლო და გასართობი ღონისძიებების სპონსორობას.

ამ ინიციატივის დარეგისტრირებით, ევროკომისიამ უბრალოდ აღიარა, რომ დოკუმენტი ევროკავშირის კანონმდებლობას არ არღვევს, ამიტომ კომისიას მისი იგნორირება არ შეეძლო.

თუმცა დაგეგმილია ხელმოწერების შეგროვებაც და თუ მომდევნო წლის განმავლობაში ევროკავშირის, მინიმუმ, 7 წევრი ქვეყნიდან მილიონი ადამიანი ინიციატივას მხარს დაუჭერს, მაშინ ევროკომისიისთვის მის დამტკიცებაზე ან ჩაგდებაზე გადაწყვეტილების მიღება სავალდებულო გახდება.

თუ ინიციატივა გავა, ევროკავშირის ტერიტორიაზე ტრადიციულ საწვავზე მომუშავე ავტომობილების რეკლამირება-დასპოსნორება, პრაქტიკულად, აიკრძალება. შეზღუდვა ენერგეტიკულ კომპანიებზეც გავრცელდება და მათ ნავთობ-პროდუქტების, ბუნებრივი აირისა და ქვანახშირის რეკლამირება აეკრძალებათ.

კოკა კვირკველია