რუსეთში მზესუმზირა შარშანდელთან შედარებით მილიონი ჰექტრით მეტ ფართობზე დაითესება

რუსეთი მზესუმზირის დათესვას წელს რეკორდულ 9.3 მლნ ჰექტარ ფართობზე გეგმავს. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის ბაზრის კონიუნქტურის ინსტიტუტის (IKAR) გენერალურმა დირექტორმა, დიმიტრი რილკომ როსტოვში გამართლ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ეს გასულ წელთან შედარებით, თითქმის, მილიონ ჰექტარზე მეტია, რადგან გასულ წელს რუსეთში მზესუმზირა 8,5 მილიონი ჰექტარ ფართობზე დაითესა.

„ქვეყნის ცენტრალურმა ნაწილმა, ვოლგისპირა რეგიონმა, ციმბირმა, ურალმა და სამხრეთ ტერიტორიებმა რეკორდული დანამატი მოგვცა,“ - აცხადებს რილკო. მისი თქმით, მსოფლიოში მზესუმზირის ზეთის ფასების შემცირება მწარმოებლების შეშფოთებას იწვევს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მსოფლიოში მზესუმზირის ზეთის ფასების სერიოზული ვარდნა დაიწყო. ეს ყველასთვის სერიოზულ საზრუნავს წარმოადგენს, რადგან, ყველაფრთან ერთად, ჩვენ მზესუმზირის ზეთზე ექსპორტის გადასახადიც გვემატება. ამდენად, ექსპორტის მხრივ შეიძლება, სერიოზულად ჩამოვრჩეთ, რაც მზესუმზირაზე შიდა ფასების სერიოზულ შემცირებას გამოიწვევს," - აცხადებს IKAR-ას დირექტორი.

ის იმედოვნებს, რომ მზესუმზირის ფასები დასტაბილურდება, რადგან მსოფლიოში მცენარეულ ზეთებზე მოთხოვნა ძალიან მაღალია და ეს, სავარაუდოდ, მზესუმზირის ზეთის ფასსაც მაღალ დონეზე შეინარჩუნებს. შესაბამისად, რუსული მზესუმზირის ფასიც არ ჩამოიშლება.

„მართალია, ჩვენს მზესუმზურას „თაფლობისთვე“ არ ექნება, მაგრამ მისი ფასი ღირსეულ დონეზე შენარჩუნდება", - აცხადებს რილკო. მისი მონაცემებით, 2021-2022 წლების სეზონზე რუსეთის ფედერაცია 15,996 მილიონი ტონა მზესუმზირის მოსავლის აღებას გეგმავს, რაც გასულ წელს 13,311 მილიონი ტონა იყო.

როგორც ცნობილია, ფედერაციის მთავრობამ მზესუმზირის ზეთის ექსპორტის დემპფერული მექანიზმი დაამტკიცა, რომელიც ძალაში შევა მიმდინარე წლის 1-ლი სექტემბრიდან და 2022 წლის 31 აგვისტომდე გაგრძელდება. ამ პერიოდში 70%-იანი მცურავი საექსპორტო გადასახადი იმოქმედებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ