გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, („საყდრისის კომიტეტი “, „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო - კვლევითი პლატფორმები “) დაბა კაზრეთში „არემჯის “გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.

მინისტრმა რეგულარული მონიტორინგის ფარგლებში „არემჯი კოპერის“ #4 ფუჭი ქანების სანაყაროს ძირში მოწყობილი წყალდაცვითი პროექტი დაათვალიერა, რომელიც მდ. ფოლადაურის ჩამდინარე წყლებისგან დაცვას ითვალისწინებს.

სტუმრებმა ასევე მოინახულეს „არემჯი კოპერის“ საწარმოო ტერიტორიაზე, მიმდინარე რეკულტივაციის პროექტები. მათ შორის #2 ფუჭი ქანების სანაყაროს გამწვანების საპილოტე პროექტი, რეკულტივირებული ტუფის კარიერი და კუდსაცავი.

„პირადად მე და სამინისტროს თანამშრომლებიც რეგულარულად ვსტუმრობთ კომპანიას, რომ ჩვენი თვალით ვნახოთ თუ როგორია პროგრესი კომპანიაში გარემოსდაცვითი მიმართულებით, რაც ნამდვილად სახეზეა. ჩვენ ვიხილეთ მე-4 სანაყარო, რომელიც ზედაპირული წყლების დაბინძურების წყარო იყო, მაგრამ კომპანიამ მოახერხა ამ ძირითადი დამაბინძურებელი წყლების მოცილება და შესაბამისად მდინარეები მაშავერა და ფოლადაური ბევრად უფრო სუფთაა. ასევე რეკულტივაციის მიმართულებით გვესმის, რომ ტექნიკურად ძალიან მძიმე სამუშაოებია გასატარებელი. ხდება პილოტირება, გარკვეული გადაწყვეტილებების შესწავლა, რომელიც კომპანიის მიერ შემდგომში იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ დროში უფრო ეფექტიანად და სწრაფად მოხდეს მეტი მასშტაბით გამწვანება. ამას აკვირდება სამოქალაქო საზოგადოებაც. არა მხოლოდ ჩვენ, საყდრისის კომიტეტიც აფიქსირებს, რომ კომპანიამ ზედმიწვნით უნდა შეასრულოს ის პირობები, რომლებიც მიწერილია და ასევე რომელიც სწორია და პასუხისმგებლიანია თავიანთი ოპერირების პროცესში." - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

„არემჯის“ გარემოსდაცვითი პროგრამა დასკვნით ფაზაშია. მდ. ფოლადაურის ჩამდინარე წყლებისგან დაცვის ღონისძიება მისულია ბოლომდე, დარჩა მხოლოდ წყლის გამწმენდი ნაგებობების მონტაჟი. ასევე ვიზიტის ფარგლებში სტუმრებს დავათვალიერებინეთ სარეკულტივაციო სამუშაოები, რომელიც მოიცავს 15 ჰა. მიწის საფარის რეკულტივაციას. აღნიშნული გარემოსდაცვითი პროექტების განსახორციელებლად კომპანიამ 30 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. გარემოს დაცვის სამინისტროს მიწერილობის შესრულების შემდეგ, კომპანიის მხრიდან გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელება გაგრძელდება. ვმუშაობთ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიებთან, ვიღებთ საერთაშორისო გამოცდილებას, იმისთვის რომ ჩვენი საქმიანობის შედეგად გარემოზე მიყენებული ზემოქმედება იყოს მინიმუმამდე დაყვანილი.“ - განაცხადა „არემჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ.

ვიზიტის ბოლოს სტუმრებმა „არემჯი აურამაინის “- მიწისქვეშა ტიპის ბექთაქარის მაღარო დაათვალიერეს, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებით განხორციელებული ახალი სამთამადნო პროექტია.