ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის ზონაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

სოფლის მეურნეობის სამინისტო და საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის ზონაში, დამშრობი სისტემების აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს.

სოფლის მეუნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სადრენაჟე სამუშაოების დასრულების შემდეგ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის, ბაკურციხის, კოლაგის, ძირკოკის, ჭანდარის, სოფელ გურჯაანის, ჩუმლაყის, ყიტაანის და ქალაქ გურჯაანის 3000 ჰა ფართობი, რომელიც წლებია დაჭაობებულია, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებას შეიძენს. აღნიშნული ფართობი დაახლოებით 13 200 კომლის 42 300 მოსახლეს მოემსახურება.

პროექტის ფარგლებში, საკოლექტორო არხი ხე-ბუჩქნარისაგან და ნატანისგან გაიწმინდება. დაგეგმილია ძველი მილხიდების რეაბილიტაცია და ახალი მილხიდების მოწყობა.

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფ. კარდენახში საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორმა, ლევან დვალმა დაათვალიერა.

აღნიშნული სამუშოები კომპანიის დაკვეთით, საჯარო სააქციო საზოგადოება "უკრაინის მელიორაციისა და წყალსამეურნეო მშენებლობის სათაო საპროექტო-საძიებო და სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის" სპეციალისტებმა დააპროექტეს. სარეაბილიტაციო სამუშოები, რომელსაც საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია საკუთარი ძალებით ახორციელებს, 2014 წელს დაიწყო და 2016 წელს დასრულდება.

ობიექტის საპროექტო ღირებულებაა 3 მლნ 424 ათასი ლარი. საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია დღეისათვის, კახეთის მხარეში, სარეაბილიტაციო სამუშაოებს 4 ობიექტზე ახორციელებს.