Heineken მენეჯერების ხელფასებს მათი ეკოლოგიური აქტივობის მიხედვით განსაზღვრავს

ჰოლანდიური ლუდის გიგანტ Heineken-ის მენეჯერების ხელფასები და ბონუსები მალე იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ ვინ რა წვლილს შეიტანს კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლაში. მსოფლიოში სიდიდით მეორე ლუდსახარშ კომპანიას თავის მიზნებში გაწერილი აქვს, რომ 2040 წლისთვის ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე წარმოებად უნდა გადაიქცეს.

„ამჟამად ვიკვლევთ, თუ როგორ დავუკავშიროთ ეს მიზნები ხელმძღვანელი პირების წახალისებას,“ - განუცხადა Bloomberg-ს კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, დოლფ ვან დენ ბრინკმა. მისი თქმით, დირექტორთა საბჭოს წევრები, ინვესტორები და კლიენტები პლანეტის გადარჩენაში მონაწილეობას კომპანიისგან სულ უფრო მეტად მოითხოვენ.

ექსპერტების შეფასებით, ეკოპოლიტიკასთან ხელმძღვანელი პირების სამუშაო ანაზღაურების მიბმა კლიმატური მიზნების მისაღწევად კორპორატიული მართვის სტიმულირებისთვის გადამწყვეტი ნაბიჯია.

ვან დენ ბრინკი აცხადებს, რომ ბოლო წელს კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლა „მნიშვნელოვნად დაჩქარდა“ და Heineken-ისთვის ეს იქნება მომავალი თანამშრომლების მიღებისა და სამსახურში დატოვების მთავარი გასაღები. თუმცა ვან დენ ბრინკს ეჭვი ეპარება, რომ მომხმარებლები გლობალური დათბობის გამო პროდუქციაში მეტ ფასს გადაიხდიან, თუკი „მწვანე განახლების“ შემთხვევაში კომპანიის ქსელის ღირებულება გაიზარდა.

Heineken-ის გამონაბოლქვის 90% მომდინარეობს მიმწოდებლებისგან და შეფუთვის, ლუდის შენახვა-ტრანსპორტირების ლოგისტიკიდან, ხოლო მავნე ნარჩენები სასმელის მომზადების დროს წარმოიქმნება. აღმასრულებელი დირექტორის თქმით, მიწოდების ჯაჭვში გამონაბოლქვის შემცირება რთული საქმეა, ამიტომ ვან დენ ბრინკმა მიმწოდებლებთან კავშირის გაწყვეტა არ გამორიცხა, რომლებიც საკმარისად სწრაფად არ წმენდენ ნახშირბადისგან თავიანთ ოპერაციებს. თუმცა ის ვადებს ჯერ ვერ აკონკრეტებს, თუ როდის შეიძლება ეს მოხდეს.

მოკლევადიანი კლიმატური მიზნების დამტკიცებით Heineken-მა ვალდებულება აიღო, რომ ყველანაირი გამონაბოლქვი 2030 წლისთვის, 2018 წლის საბაზისო დონესთან შედარებით, 35%-ით შეამციროს. ეს 2 გრადუსამდელ ტემპერატურაზე გლობალური დათბობის შეკავების შესახებ პარიზის შეთანხმებას სრულად შეესაბამება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ